საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება ფართოვდება. “ოცნების” დეპუტატების სახელით პარლამენტში ინიიცირებული ცვლილებებით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობა სრულად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა.
კერძოდ, სებ-ს შეეძლება თავად განსაზღვროს მომსახურების ის სახეები, რომელიც ვირტუალური აქტივის მომსახურებად ჩაითვლება, ამასთან, მარეგულირებელს შეეძლება ასეთი კომპანიისგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, დაუდგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სხვა სტანდარტები.
ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით კიკვიძის შეფასებით, წარმოდგენილი რეგულაციური ინიციატივები, საქართველოს კრიპტობაზარზე სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მართალია, ამ ეტაპზე უცნობია რა მოთხოვნები ექნება სექტორის ზედამხედველს, თუმცა დავით კიკვიძე თვლის, რომ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა კომპანიებისთვის სერიოზული ფინანსური წნეხია, რაც საბოლოოდ მომსახურების ფასით უნდა დაკომპენსირდეს, მეორეს მხრივ კი საზედამხედველო ნორმების გამკაცრება საკმაოდ ნეგატიური სიგნალი შეიძლება იყოს საქართველოს კრიპტობაზრით დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიებისთვის.
„არსებული სარეგულაციო პაკეტი აღარ არის საკმარისი, რომ მზარდი ბაზარი კიდევ უფრო მყარი და მოწესრიგებული იყოს. ბაზრის მოთამაშეებს არავის მოსწონთ ბაზრის რეგულირება და ზოგადად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში ზედმეტი რეგულირება ყოველთვის საზიანოა ბაზრისთვის, შესაბამისად ეს დამოკიდებული იქნება ეროვნული ბანკი რამდენად გონივრულ რეგულაციებს შემოიღებს.
როგორც წესი სებს ზედმეტი რეგულირება უყვარს, ეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ...
რეგულირება აუცილებელია და ეს მოსალოდნელიც იყო, რომ სები "ვასპების" დამატებით სარეგულაციო ინიციატივებს შემოიტანდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რა ტიპის რეგულირება იქნება მოთხოვნილი.
რა თქმა უნდა, ეს ბაზარზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს, განსაკუთრებით ალბათ პატარა კომპანიებს ყველაზე მკაცრად შეეხება, რადგან მათ არ აქვთ იმხელა რესურსი, შესაძლებლობა და ინვესტიციების გაკეთება მოუწევთ. მსხვილ მოთამაშეებსაც დამატებით ინვესტიციების ჩადება მოუწევთ შესაბამისობაში მოვიდნენ და ეს გარკვეულწილად უარყოფით სიგნალს მისცემს საერთაშორისო ინვესტორებს. ზოგადად ქართული კრიპტობაზარი მათთვის მიმზიდველი იყო, რადგან ბევრი მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერესდებოდა საქართველოს ბაზრით და ზოგადად კერძო ინვესტორიც.
დღეს რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა გვაქვს საქართველოში და ასევე არის ინტერესი შემოსვლის, რა თქმა უნდა ზედმეტი რეგულირება უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის და გარკვეულწილად შესაძლოა, შეფერხდეს და მეტი ბარიერი შეიქმნას ვირტუალური აქტივის მომსახურე კომპანიის რეგისტრაციის მიმართულებით.
გარდა ამისა, ქართული ბაზარი კრიპტოინდუსტრიისთვის საკმაოდ მიმზიდველი იყო აქამდე, არამხოლოდ კომპანიის დაარსების, არამედ ზოგადად მიმოქცევის მიმართულებით. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ძალიან ბევრი როგორც რუსი, ისე ბელარუსი და ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეა საქართველოში და არსებული სანქციების გათვალისწინებით, ეს ადამიანები შემოსავალს, გზავნილს საკუთარი ქვეყნებიდან კრიპტოვალუტებით იღებენ, რაც ზრდის კრიპტო ბრუნვას. აქედან გამომდინარე, დამატებითი რეგულირება ერთის მხრივ კომპანიების მხრიდან გამოიწვევს დამატებითი ინვესტიციების გაკეთებას და ამას მოჰყვება გარკვეული საკომისიოების ზრდა, რადგან კომპანიებს მოუწევთ ხარჯების გარკვეულწილად დაბალანსება, რისი ერთადერთი გზა არის მომსახურებაში ფასების მატება“,-აცხადებს დავით კიკვიძე.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში 27 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერია რეგისტრირებული. როდიდან გავრცელდება მათზე ახალი საზედამხედველო ჩარჩო კანონმდებლობა დამოკიდებულია, რა ვადაში დაამტკიცებს ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი.