სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" წინა წლების მსგავსად, წელსაც ბაზარზე სასპირტე მასალის მთავარი შემსყიდველია. კერძო სექტორის შეფასებით, კახეთის რეგიონში რთველის სუბსიდირების არსებულმა სქემამ სპირტის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო ღვინის კომპანიები სახელმწიფოსგან წელს სუბსიდიას ვერ იღებენ, ფაქტობრივად ჭარბ ყურძენს სრულად "მოსავლის მართვის კომპანია" ყიდულობს. სუბსიდირების სქემაში შესული ცვლილების გამო, ღვინის კომპანიებს ნედლეულში წინა წლებისგან განსხვავებით გაცილებით მეტის გადახდა უწევთ.

"ასკანელის" დირექტორ ირაკლი უგლავას თქმით, სახელმწიფო სუბსიდიის მოხსნამ საღვინე ყურძენზე მეტად საბრენდე სპირტის მასალა გააძვირა, რაც მათ საბოლოო პროდუქტზე ფასს სავარაუდოდ, 15-20 ცენტით გაზრდის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის თქმით, წელს ყურძენზე ფასი გაიზარდა ღვინის კომპანიებისთვის, თუმცა ეს გაცილებით ხელშესახები სწორედ სპირტის მწარმოებლებისთვის იქნება.

სამანიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ წარმოებული საღვინე მასალისა და სპირტის შემსყიდველები ფაქტობრივად ერთი და იგივე კომპანიები არიან. სპირტის ბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობენ აუქციონზე აღნიშნულ პროდუქციას, რაც სამანიშვილის თქმითვე, ნაკლებად გამჭვირვალე პროცესია.

“წელს იგივე მოხდება, რაც წინა წლებში იყო. უბრალოდ, ის კომპანიები, რომლებიც სასპირტედ ყიდულობდნენ ყურძენს, ცოტა უფრო ძვირად იყიდიან, ანუ გაუძვირდებათ ნედლეული.

ღვინოში ეს პატარა ფასის მატება, რაც წელს მოხდება, არ არის ისეთი დრამატული, თუმცა სპირტის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იქ ძალიან პატარაა მარჟა და სპირტის მწარმოებელ კომპანიებს არ ექნებათ კარგი წელი.

მეორეს მხრივ ის, რომ სახელმწიფო წელსაც იქნება ძირითადი მოთამაშე, ყველაზე ბევრ ყურძენს შეისყიდის და ყველაზე ბევრი სპირტი ექნება, თუმცა როგორც წინა წლებში ხდებოდა ამ სპირტსაც გარკვეული კომპანიები იყიდიან.

სახელმწიფო არ არის ღვინის მწარმოებელი, ეს კომპანია არის მხოლოდ იმისთვის, რომ რთველის პერიოდში ჭარბი ყურძენი გაიტანოს ბაზრიდან, ის არ არის მოთამაშე, ის წესით ბოთლებში არ ასხამს და ღვინოს არ ყიდის, არც სპირტიან სასმელს არ აწარმოებს. ეს არის მხოლოდ გამონაკლისის სახით, რომ ყოველ წელს ჭარბი ყურძენი იყიდოს. ეს არ არის ბიზნესი, თუმცა პროდუქტი, რაც გადამუშავდება სახელმწიფოს მიერ, სპირტი ან ზოგიერთ შემთხვევაში ღვინო, ბრუნდება ბაზარზე.

ანუ ფაქტობრივად ჭარბი კი არ არის, რამდენიმე კომპანია სარგებლობს იმით, რომ სახელმწიფო ხარჯავს ფულს, ამ პროდუქტს აწარმოებს და მათ როცა დასჭირდება და თუ დასჭირდება მაშინ იყიდიან და გამოიტანენ ბაზარზე. ეს ცოტა უკვე არაჯანსაღია, რადგან თუ ნედლეული ჭარბი იყო და გავიდა ბაზრიდან, ის უკან არ უნდა ბრუნდებოდეს. თუ დაბრუნდა ჭარბი არ ყოფილა და არასამთლიანია, რადგან ის კომპანიები, რომლებიც ფულს სესხულობენ და ყიდულობენ მასალას, მათ ეს ძვირი უჯდებათ და ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსგან შეისყიდიან, მათ უფრო იაფი უჯდებათ და ფაქტობრივად არ სჭირდებათ ქეშის გამოტანა, ეს არის ამაში არასწორი, ამიტომ თუ სახელმწიფო შეინარჩუნებს შესყიდვას, ეს მასალა ბაზრიდან უნდა გავიდეს და არ უნდა დაბრუნდეს ისევ ბაზარზე და თუ გაიყიდება, აქ გამჭვირვალობა კიდევ რთული თემაა, რადგან როცა სახელმწიფო ყიდის ხოლმე სპირტი იქნება, თუ ღვინო, აუქციონზე გამოაქვს და როგორც ამბობენ, ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ ხოლმე, ამ დეტალებში არის ხოლმე გაუმართაობა და რატომ იქნებოდა კარგი, რომ სახელმწიფო საერთოდ არ იყოს ჩართული ამ პროცესში”,- აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

გიორგი სამანიშვილის ყოფილი კოლეგაც თვლის, რომ სუბსიდირების მოქმედი სქემით სახელმწიფო კომპანია მოსავლის მართვის კომპანიის სახით სპირტის ბაზრის მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ვასილ მანაგაძის შეფასებით, კახეთში მოქმედი რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი მეტი არაფერია, თუ არა სახელმწიფოს მიერ სპირტის ნედლეულის მონოპოლიზაცია. მანაგაძის თქმით, სუბსიდირების არსებული სქემის ფარგლებში ბევრი კომპანია გამოეთიშება პროცესებს და მათ შორის დიდი ზომის ქარხნებიც, რადგან მათ სახელმწიფო კომპანიისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ. ბაზარზე არსებული ნედლეული წელსაც ფაქტობრივად მოსავლის მართვის კომპანიაში მოექცევა, რომელსაც შემდეგ საკმაოდ დაბალ ფასად აუქციონის გზით გაყიდის.

„რეალურად რაც კახეთში ხდება ეს არის სპირტის ნედლეულის მონოპოლიზაცია, რაც კეთდება სახელმწიფოს ხელით.

დღევანდელმა სქემამ, რაც კახეთში ხორციელდება სუბსიდიის ნაწილში, რეალურად გათიშა ძალიან ბევრი კერძო სექტორის მოთამაშე. დიდი ზომის ქარხნები მათ შორის ვეღარ ყიდულობენ ნედლეულს სპირტის გამოსახდელად. რეალურად მოხდა ამ კომპანიების ჩაჩოჩება, დარჩა ერთადერთი სახელმწიფო კომპანია, ვინც მთლიანად ყიდულობს ჭარბ ყურძენს და ზემოდან იმ ყურძენს, რომელიც ჭარბი არ იქნებოდა, თუ ეს პროგრამა შარშანდელივით განხორციელდებოდა. რეალურად ამასთან გვაქვს საქმე.

რეალურად აქ არის ის ინტერესი, რომ სახელმწიფო კომპანია ყიდულობს ნედლეულს, რომელიც იქნება რეალურად თავკომბალა, მთელი ეს ნედლეული მოექცევა სახელმწიფო კომპანიაში, იქცევა სპირტად და მერე როცა ეს პროდუქტი შეიქმნება, შემდეგ გადაწყვეტენ, ვინ ისარგებლებს ამ პროდუქციით.

ბოლო 3 წლის ისტორიით, რა შედეგებიც სახელმწიფო კომპანიამ გამოაქვეყნა ჩვენ ვხედავთ, რომ 40-50%-იანი დისკონტით ანუ საბაზროზე იაფად ყიდიან მიღებულ ნედლეულს, ამით კონკურენციას უწევენ კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებმაც გაზრდილი ფასით შეიძინეს ყურძენი და არც სუბსიდია მიუღიათ.

სახელმწიფო ხდება მოთამაშე, რადგან ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც შეუძლია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს თავისი პროდუქცია. ბოლო 3 წლის ისტორია გვაჩვენებს, რომ რეგულარულად ხდება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით რეალიზაცია, იმის მაგივრად რომ მთელი ეს ნაშთები წასულიყო კერძო სექტორში, ვინც კომერციით არის დაკავებული და ვინც ორიენტირებულია, რომ მოგება ნახონ, სანაცვლოდ მთელი ეს ნედლეული მიდის კომპანიაში, რომელსაც გაყიდვების შტო სრულიად განუვითარებელი აქვს ჯანსაღ კონკურენციაში. ყიდის იმაზე იაფად, ვიდრე ეს დაუჯდა. ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც დღეს ხდება”,-აცხადებს მანაგაძე.

ის, რომ სახელმწიფო ჩაბარებული ყურძნისგან მიღებულ სასპირტე მასალას თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც კი გაყიდოს, ამის მაგალითები მრავლად არსებობს. მაგალითად, გასულ წელს მოსავლის მართვის კომპანიამ მარაგებში არსებული ღვინო-მასალა, რომელიც 102 მილიონ ლარად იყო შეფასებული, 39 მილიონ ლარამდე ჩამოაფასა. ღირებულების 60%-იანი ვარდნა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო კომპანიას ბაზარზე მოთხოვნის ნაკლებობის გამო რეალიზაცია უჭირს. არადა, აღნიშნული ჭარბი ყურძის შეძენაზე ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა იხარჯება. იმისთვის, რომ მოსავლის მართვის კომპანიამ მაგალითად წელს ჭარბი ყურძენი შეიძინოს, რისგანაც შემდეგ ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს დაამზადებს, უკვე გამოყოფილია 50 მილიონი ლარი. კომპანია გამარტივებული გზით კიდევ ამდენივეს დამატებას ითხოვს.

შესაბამისად, წელს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვა, მისგან ღვინისა და საკონიაკე სპირტის დამზადება, რომელსაც შემდეგ სავარაუდოდ, ისევ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, კონკრეტულ კომპანიებს მიჰყიდის, გადასახადის გადამხდელებს შესაძლოა, 100 მილიონი ლარი დაგვიჯდეს.

bm.ge