„ქართული თაფლის წარმოება საექსპორტო ბაზრებს ვერ აკმაყოფილებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა და დარგის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, თაფლის წარმოების გაფართოებას საქართველოში ხელს უშლის მეფუტკრეობის, როგორც ბიზნესის მიმართ დაინტერესების ნაკლებობა. მისი თქმით, ქვეყანაში 15 ათასზე მეტი მეფუტკრეა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მცირე საფუტკრეა.
„ქართული თაფლის წარმოება საექსპორტო ბაზრებს ვერ აკმაყოფილებს. საქართველოში თაფლის წარმოების განვითარებას აფერხებს დაინტერესების ნაკლებობა. ქვეყანაში დაახლოებით 15 ათასზე მეტი მეფუტკრეა, რომელთა 95% არის მცირე საფუტკრის მფლობელი. მინიმუმ 100-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი უნდა ვიყოლიოთ, რომ ბიზნესად იქცეს ეს დარგი. დარგის განვითარებისთვის უნდა მოხდეს საფუტკრეების გაფართოება. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მცირე ნაწილს ვიყენებთ. დღეს ჩვენ 3 ათას ტონამდე თაფლს ვაწარმოებთ, ამ დროს თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 10 ათას ტონაზე მეტი“, - აღნიშნავს ალეკო პაპავა.
პაპავა აღნიშნავს, რომ ქართულ თაფლს თავისი ხარისხითა და შემადგენლობით სხვა ქვეყნის პროდუქტთან კონკურენციაში შესვლა შეუძლია.
მისი თქმით, დარგის სწორი განვითარება, სტაბილური გაყიდვები და მზარდი შემოსავლები სტიმულს მისცემს მეწარმეებს, რომ გააფართოონ ან წამოიწყონ მეფუტკრეობის ბიზნესი.
„მთავარი არის ის, რომ თუ ჩვენ ბიზნესი ვაქციეთ სტაბილურად და გაყიდვებიც სტაბილური იქნა, ბიზნესის სახითაც მეფუტკრეობა უფრო მეტად განვითარდება და მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება, შემოსავლების კუთხითაც საინტერესო იქნება ეს ბიზნესი და უფრო პერსპექტიული გახდება დარგიც. ზოგადად, მეფუტკრეობის განვითარება სოფლის-მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ თაფლის წარმოებას არ მოიცავს მეფუტკრეობა. აქ ხორციელდება მცენარეების დამტვერვა, შესაბამისად, სოფლის-მეურნეობის ნებისმიერ დარგს სჭირდება ფუტკარი.
ქართული თაფლი შესასწავლია, თაფლი არ არის მხოლოდ დამატკბობელი, ის შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია ქართული თაფლის კვლევა გაგრძელდეს და დადგინდეს, რა შემცველობა არის მასში. მაგალითად, იაპონელებმა ჩვენი თაფლი რომ ნახეს, დაადგინეს, რომ ჩვენს თაფლს შეუძლია ბრძოლა ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ. 19 სხვადასხვა სახეობის თაფლია და გვჭირდება მოკვლევა, კონკრეტულად რომელი სახეობის თაფლი, რას შეიცავს. ოდითგანვე ქართული თაფლი თავისი სამკურნალო თვისებებით ცნობილი იყო, ჭრილობების შესახორცებლადაც კი გამოიყენებოდა ის... ამ დარგს სჭირდება შესწავლა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ალეკო პაპავამ.