Galt&Taggart მიერ უძრავი ქონების დეველოპერების გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ პროექტებში, რომლებიც 2024 წელს სრულდება, ბინების 84%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.

მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ივლისში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც ივნისიდან დაიწყო. სულ გაიცა 20 ნებართვა და ამ ნებართვების საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3%- ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ დეველოპერები დაელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სამშენებლო ნებართვების ასაღებად.

„2024 წლის ივლისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაუმჯობესდა, თუმცა მაინც შესუსტებული რჩება 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით. შედეგად ფასების ზრდა შენელდა და 2022 წლის დასაწყისის შემდეგ ივლისში პირველად დაფიქსირდა უცვლელი ფასები თვიურ ჭრილში.

შესუსტებულმა მოთხოვნამ ასევე იმოქმედა მიწოდებაზე - ივნისი/ივლისის პერიოდში ნებართვების გაცემა მკვეთრად შემცირდა, წლიურად 58.2%-ით და 40.3%-ით, შესაბამისად. მოსალოდნელია რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები სავარაუდოდ ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას“, - ნათქვამია მიმოხილვაში.