მაქვს მოლოდინი, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადა კიდევ გადაიწევს, ვინაიდან ვფიქრობ, ის არ დასრულებულა და არ მოუცვია მიზანი, რასაც ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების რეგისტრაცია ჰქვია,- ამის შესახებ ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, მიწის რეგისტრაციის პროცესში ბევრმა არაკეთილსინდისიერების ფაქტორმა იჩინა თავი, მოქალაქეები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ქონებას ერთმანეთს შეთანხმებულად უდასტურებდნენ.

,,მაქვს მოლოდინი, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადა კიდევ გადაიწევს, ვინაიდან ვფიქრობ, ის არ დასრულებულა და არ მოუცვია მიზანი, რასაც ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების რეგისტრაცია ჰქვია. თუმცა, გვაქვს კანონის მიხედვით დათქმა, რომ თუ რომელიმე ქონების დარეგისტრირება ვერ მოესწრება, ავტომატურად აისახება სახელმწიფო საკუთრებაში და ალბათ, მერეც არ წაერთმევათ მოქალაქეებს საკუთრების რეალიზაციის უფლება და მერეც შეეძლებათ ქონების დაბრუნება, თუმცა, ბუნებრივია, პროცედურები უფრო გართულებული იქნება.

ხარვეზებს რაც შეეხება, ძირითად პრობლემად გამოვყოფდი ისეთ რაიონებს, სადაც განადგურებული იყო და არ არსებობდა საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაცია, ვერ ხერხდებოდა მოძიება არქივებში. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა სახელმწიფომ ვერ დაადგინა მესაკუთრე, არ დაურეგისტრირა არავის და დატოვა ღიად და მეორე ნაწილი, როცა სხვას დაურეგისტრირა. ამ მეორე შემთხვევაში უკვე არაკეთილსინდისიერების ფაქტორმა იჩინა თავი, როცა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იქნებიან თუ მოწმეები, შეკავშირდნენ პრინციპით, მე შენ დაგიდასტურებ ქონებას და შენ მე დამიდასტურე. ასეთი ფორმით სახელმწიფომ ქონება ბევრ პირს დაურეგისტრირა. ასევე, არის ფაქტები, როცა იმის გამო, რომ არქივები არ არსებობს, მოქალაქეები ცვლიან მიწის კონფიგურაციას და უკეთესი ფართობის დარეგისტრირებას ცდილობენ",- აღნიშნა ადვოკატმა. 

მისივე თქმით, მიწის რეგისტრაციის პროცესში სახელმწიფოს დაუდევრობამ პარადოქსულ შედეგამდე მიგვიყვანა - დღეს ტყის ფონდის ტერიტორიებზე არაერთი კერძო საკუთრებად გაფორმებული მიწის ნაკვეთია. ს

ადვოკატის განმარტებით, რიგმა პირებმა დრო იხელთეს და ფართობები მიუთითეს არადაკანონებულ ზონებში, ხოლო საჯარო რეესტრმა მათი რეგისტრაციები უყურადღებოდ გაატარა. შედეგად, უკანონო ჩანაწერები უკვე კეთილსინდისიერ მყიდველებს გადაეცათ, რაც სამართლებრივ ქაოსს ქმნის და სახელმწიფოსთვის პრობლემის გამოსწორებას კიდევ უფრო ართულებს.

,,დრო იხელთეს გარკვეულმა პირებმა და ფართობი მიუთითეს, მაგალითად, სატყეო ან კურორტის ზონაში. პროცესი სახელმწიფოს მხრიდან უნდა ჩატარებულიყო უფრო კომპეტენტურად, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულებულიყო. ასეთმა რეგისტრაციებმა სამწუხაროდ გაიარა საჯარო რეესტრში. ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრს არ შეეძლო ასეთი წარმოებების შეჩერება უბრალო მიზეზით, რომ როცა ადამიანმა წარადგინა საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომ აქვს სახნავ-სათესი დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი და უთითებს ტყის ფონდში რეგისტრაციას, რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, ასეთმა პირებმა იცოდნენ, რომ მათი რეგისტრაცია კანონს არ შეესაბამებოდა, დაუყოვნებლივ ნასყიდობის ხელშეკრულებები გააკეთეს და ქონება სხვაზე გადააფორმეს. ახალი შემძენი ერთგვარად კეთილსინდისიერი გამოდის და ნდობა აქვს სახელმწიფოსი, რომ თუ დაურეგისტრირე ქონება ტყის ფონდში, მე რატომ არ უნდა მეყიდა? ასეთ პარადოქსულ მდგომარეობამდე მივედით, რომ ვიღაცას ტყეში აქვს მიწის ნაკვეთი დაკანონებული",- აღნიშნა ადვოკატმა რადიო "კომერსანტის" ეთერში.