შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არის ის, რომ ბიზნესმა 1 დღე შეაჩეროს ფუნქციონირება, რათა დასაქმებულებმა შეძლონ საკუთარი პროტესტის გამოხატვა. ეს დღე კი პრეზიდენტის არჩევის დღე უნდა იყოს, - ასე ფიქრობს ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი,რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის "სამუშაო შეხვედრაზე" გააჟღერა.
ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად.
საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა.
ბეჟიტაშვილის აზრით, თუ ეს უზურპატორები ხელისუფლებაში თუ დარჩნენ, ყველა ტიპის ბიზნესს მოადგებიან.
ხილბოსტნეულის ასოციაციის პრეზიდენტიო ამტკიცებს, რომ ბიზნესს აქვს სურვილი, სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს და არაფრის დათმობას აპირებენ.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის შეფასებით, დღეს არ არსებობს ორი მხარე. მისი მტკიცებით, ერთი არის კრიმინალთა ბანდა და მეორე, დანარჩენი საქართველო.
"გამოსავალს რაც შეეხება, ჩემი აზრით, როგორც მსხვილმა ბიზნესმა, ასევე წვრილმა და საშუალო ბიზნესმა ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ აქციები დღისით იმიტომ არ არის, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან. ყველა ჩვენგანს გვაქვს მზაობა, რომ 1 დღით შევაჩეროთ ჩვენი საქმიანობა და თანამშრომლებს ვუთხრათ, რომ თქვენ ხართ დღეს თავისუფლები და შეგიძლიათ გამოხატოთ პროტესტი. ეს ერთი დღე ზუსტად უნდა იყოს ის რიცხვი, როდესაც ესენი ვითომ პრეზიდენტის არჩევას აპირებენ. სულ ყველა უნდა გამოვიდეს. არ უნდა გაჩერდეს თორემ ხვალ, ზეგ და ახალი წლის შემდეგ ყველას სათითაოდ მოგვადგებიან“, - აცხადებს ბეჟიტაშვილი.
ცნობისთვის, ბიზნესსსექტორის 50-მდე წარმომადგენელი დღეს "ბიუზნესმედიის" პირდაპირ ეთერში მსჯელობდა კრიზისიდან გამოსავალზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, შეფასებით, ის ბიზნესმენები, საქმიანი წრის წარმომადგენლები, მთლიანი შიდა პროდუქტის, ქვეყნის დოვლათის, შექმნელები, დამსაქმებლები, რომლებიც დღეს ღიად გმობენ "ოცნების" შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს, არიან დაბულინგებულები, ანაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ.
შეგახსენებთ, ათი ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად აკავებს აქციის მონაწილებს. ჩხრეკენ აქციის მონაწილეების სახლებს, ორგანიზაციებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
ტერორის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და მედიას.
შსს აქციის დასაშლელად იყენებს არაპროპორციულ ძალას.
დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისში, ხაშურში, გორში, საჩხერეში, ახმეტაში.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მასობრივი პროტესტი ეროვნულ დაუმორჩილებლობაში იზრდება. მისივე შეფასებით სახეზეა პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს სათავრეში ჩაუდგება, რადგან ახლა პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში დარჩა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა აშშ-მა, რაც, სპეციალისტების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჰაერში დაკიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობა, განათლების პროგრამები და არაღიარების პოლიტიკა.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეკონომიკურ რისკებზე ალაპარაკდა ბიზნესი. მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკურ საფრთხეზე დიდი ხანია საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილიც. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები 10 მილიარდი დოლარის დონაციას ახდენენ საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით, რომელთა შეწყვეტა ქვეყანას ეკონომიკურად დაანგრევს.
ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს პროგნოზირებენ ფინანსისტებიც.
უფასურდება ლარი და სპეციალისტები ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას მომავალშიც პროგნოზირებენ, თუ მასზე პოლიტიკური წნეხი არ მოიხსნება.
მთავრობა ეკონომიკურ და ფინანანსურ პრობლემებს არ აღიარებს და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ნეგატიური მოლოდინები აქვს ექსპორტიორებს.
პოლიტიკური ესკალაციის სწრაფად განმუხტვის გარეშე, კრიზისს პროგნოზირებს ტურიზმის სფეროც და მისი მომიჯნავე სექტორები, ავიაცია, სტუმარ-მასპინძლობა და სხვა.