ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა - საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას. ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან და ხან რა გეგმებს გვისახავენ,- ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი ევროკავშირის  გაფართოების ანგარიშის შეფასებაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი. პაპუაშვილისთვის მიუღებელია დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს.

„რაც შეეხება შეფასების დოკუმენტს, ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი და ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს ვის ჰქონდა - საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რა გეგმებს და ხან რას. ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან და ხან რა გეგმებს გვისახავენ. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს არის სხვა ხალხების სუვერენიტეტის პატივისცემა და ის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი. ასევე მიუღებელია, როდესაც ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ესტონეთის მიერ არჩეული ადამიანი თუ სხვა ქვეყნის არჩეული ადამიანი გველაპარაკება ჩვენ, ქართველებს, ქართველების სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება იყოს?! ამიტომ, ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს ბრიუსელთან დაკავშირებით, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და კიდევ უფრო ბევრს ვისაუბრებთ, რადგან ბრიუსელმა გადაწყვიტა კონფრონტაციული ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორის და მეურვის როლის შეთავსება, ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ ძალიან დასაბუთებულ შეფასებას მათი საქმიანობისა და იმის შეფასებას, რომ ბრიუსელი დღეს ასცდა ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირი გზით მიექანება უკან საბჭოთა კავშირისკენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.