„უნდა ვაღიაროთ, არ ვართ გადასახადებისადმი კანონმორჩილი ადამიანები. კომუნისტურმა ცხოვრებამ, გნებავთ, ე.წ. ბნელმა 90-ანებმა თავის კვალი დაატყო ჩვენს მენტალიტეტს“, - ამის შესახებ ეკონომისტმა და სოციოლოგმა პაატა აროშიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ეკონომისტი ჩვენთან საუბრისას, გამოეხმაურა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დადგენის საკითხს და აღნიშნა, რომ რეალური მინიმალური ხელფასის დადგენა, კერძო სექტორში ანაზღაურების არა თუ ზრდას, არამედ ჩრდილოვან დასაქმებას გამოიწვევს.

როგორც პაატა აროშიძე ამბობს, თუ ბიზნესს სახელმწიფო დაუდგენს მინიმალურ ხელფასს, ეს მისთვის გაზრდის ხარჯს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი დაწოლა ექნება კერძო სექტორს, მით უფრო მეტ გზას მონახავს მისგან თავის დასაძვრენად.

„მინიმალური ხელფასი დადგინდა 1995 წელს, საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, როდესაც ბაზარზე ლარი შემოვიდა. მალევე გაჩნდა მუხლები, სადაც გვიწერია, რომ მაგალითად, ჯარიმდება მინიმალური ხელფასის ოდენობის ხუთმაგი ოდენობით, ათმაგი ოდენობით და ა.შ. ანუ, ამის მიხედვით ანგარიშდება.

თუ ჩვენთან საათობრივი მინიმალური ხელფასი დადგინდება, როგორც ეს არის აშშ-ში, ევროპაში, მე ვფიქრობ, ჩრდილოვანი დასაქმება და ჩრდილოვანი ეკონომიკა გაიზრდება. იმიტომ, რომ თუ დამსაქმებელს აიძულებენ, რომ მინიმალური ხელფასის სახით გადაიხადოს საათში 10 ლარი, ის აუცილებლად მონახავს თავის დასაძვრენ საშუალებას.

პირობითად, ნაწილობრივ ანაზღაურებას ხელზე გასცემს, სამუშაო ადგილზე იმდენ დასაქმებულს აღარ გამოაჩენს და ეს იმაზე ნეგატიურ შედეგს მოიტანს, ვიდრე მინიმალური ხელფასის არარსებობა.

უნდა ვაღიაროთ, რომ არ ვართ გადასახადებისადმი კანონმორჩილი ადამიანები. იმ კომუნისტურმა ცხოვრებამ, გნებავთ, ე.წ. ბნელმა 90-იანებმა თავის კვალი დაატყო ჩვენს მენტალიტეტს. თუ მივალთ იმ დონეზე, რა სიამაყითაც მოქმედებენ გადასახადის გადამხდელები ევროპასა თუ აშშ-ში, მაშინ შეიძლება საუბარი მინიმალურ ხელფასზე და იმის დაშვება, რომ გადასახადების დამალვა არ მოხდება (ან მინიმუმამდე შემცირდება). მე რა თქმა უნდა, კერძო სექტორზე ვსაუბრობ და არა სახელმწიფოზე, სადაც შედარებით მაღალი ხელფასებია.

თუ ბიზნესს სახელმწიფო დაუდგენს მინიმალურ ხელფასს, ეს მისთვის გაზრდის ხარჯს და რაც უფრო მეტი დაწოლა ექნება კერძო სექტორს, მით ბევრ გზას მონახავს მისგან თავის დასაძვრენად“, - ამბობს პაატა აროშიძე.

კითხვაზე, მაშინ რა არის გამოსავალი და როგორ შეიძლება კერძო სექტორში ანაზღაურების გაზრდა? - სოციოლოგი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, კონკურენციის გაზრდის ხარჯზე მოხდეს.

„ხელფასების ზღვარის ასაწევად, შესაბამისი გარემო უნდა შეიქმნას. თუნდაც, იგივე ანტიმონოპოლიური კანონის კარგად ამუშავებით. პირველ რიგში, ბიზნესი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კმაყოფილი დასაქმებული ჰყავდეს. ანუ, კონკურენცია უნდა იყოს მაღალი“, - ამბობს პაატა აროშიძე.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი