ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევას აჭარის მთავრობა მომავალ წელს შეისყიდის. პროექტის დასაფინანსებლად 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 200 000 ლარი გაითვალისწინეს.
ხულო-თაგოს საბაგირო ერთი წელია გაჩერებულია. როგორც მმართველი კომპანიის დირექტორმა, ემზარ აბულაძემ გვითხრა, საბაგირო აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა, არ იყო უსაფრთხო, ამიტომაც ახლის შესყიდვა გადაწყვიტეს.

არსებული საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ეს საბაგირო წლების განმავლობაში დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი – 280 მეტრი. საბაგიროთი მგზავრობისას ხულოს ულამაზესი ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი, რის გამოც ის ტურისტების დიდ ინტერესს იწვევდა.
საბაგიროს განახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებშია დაგეგმილი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 368 000 ლარია.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასევე ზანკები-გოდერძის გადასასვლელის და ჭანჭახის უღელტეხილი-ბეშუმის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 300 000 ლარი. ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის წინასაპროექტო კვლევა კი დაფინანსდება 200 000 ლარით.
ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში ჩირუხის მთის ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება კი 368 000 ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს.