Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლების მიხედვით, 2026 წლის ივლისში მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა მეორად ბაზარზე 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ ნიშნულს მიაღწია.

ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ხელი შეუწყო გაუმჯობესებულმა სენტიმენტებმა და ხელსაყრელმა  აკროეკონომიკურმა გარემომ, მათ შორის ლარის კურსის გამყარებამ და საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ. მიწოდების
მხარეს გაგრძელდა გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის ზრდა. მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული კლებადი ტრენდისა, ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის გაუტოლდა. ფასები გაიზარდა ორივე ბაზარზე - პირველად ბაზარზე ზრდის ტემპი დაჩქარდა, ხოლო მეორად ბაზარზე, წინა თვეებში დასტაბილურების შემდეგ, ფასმა ზრდა განაგრძო.

მოთხოვნა

2026 წლის ივლისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,475 შეადგინა, აქედან:

•მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა და 2,294 შეადგინა (2026 წლის 7 თვეში +16.6% წ/წ), რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი თვიური ნიშნულია. •პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 24.4%-ით გაიზარდა და 2,181 შეადგინა (2026 წლის 7 თვეში +19.9% წ/წ).

•ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 14.8%-ით გაიზარდა (2026 წლის 7 თვეში +30.1% წ/წ).

2026 წლის 7 თვეში, თბილისში სულ 27,274 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+27.3% წ/წ)

მიწოდება

2026 წლის ივლისში, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის მზარდი ტრაექტორია გაგრძელდა და წლიურად 50.3%-ით გაიზარდა (182,789 კვ.მ 17 საცხოვრებელ პროექტში). მიუხედავად წარსულში ზედიზედ 8 თვიანი კლებადი ტრაექტორიისა, ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად დაჩქარდა ნებართვების გაცემა, რის შედეგადაც 2026 წლის 7 თვეში ჯამურად გაცემული ნებართვების ფართობი წინა წლის ანალოგიურ დონეს თითქმის
გაუტოლდა და წლიურად მხოლოდ 0.3%-ით არის შემცირებული.