ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა დღეს გზა გადაკეტეს. თვითდასაქმებულების პროტესტი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მათ ტერიტორიის დატოვება და მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ. არსებული ინფორმაციით, მოვაჭრეებს უთხრეს, რომ 1 ოქტომბრიდან ბაზრის ტერიტორიაზე ვეღარ იმუშავებენ.

მოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნება სურთ. მათი თქმით, ისინი სავაჭრო ადგილებში იჯარას იხდიან და ადმინისტრაციისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვენ, რა ბედი ელის მათ საქმიანობას.

მოვაჭრეების უკმაყოფილება ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების საკითხიც უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბრის შუა რიცხვებში დაზიანებული მილის გამო ბაზრის ნაწილი საკანალიზაციო წყლით დაიტბორა და ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამასთან, ბაზრის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი, რის გამოც ტერიტორიის მომავალი წლებია განხილვის თემაა.

ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის მოწყობა იგეგმება და პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია. მოვაჭრეები შიშობენ, რომ არსებული სავაჭრო ადგილების გაუქმების შემდეგ ახალ კომპლექსში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ და შემოსავლის გარეშე დარჩებიან. სწორედ ამიტომ ისინი ითხოვენ, არსებული სავაჭრო სივრცე შეინარჩუნონ და სამუშაო ადგილებიდან არ გაიყვანონ.

„მოვითხოვთ, მოვიდნენ მერიის წარმომადგენლები და გაგვცენ კონკრეტული პასუხები... მივმართავთ ბატონ კალაძეს, კობახიძეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ერთი ბაზარი, კი კერძოდ გაყიდეს და ვიღაცას ჩაუგდეს ხელში, მაგრამ ხალხისთვისაც უნდა იყოს. არ ვითხოვთ არანაირ დახმარებას, ფულს... რა ხდება ვერ გავიგეთ, არც ადმინისტრაცია გვცემს პასუხს, არც მერია. ვიცით, რომ მოლის აშენება უნდათ, გადაგვითხარეს ადგილი“, - თქვა დღეს ერთ-ერთმა თვითდასაქმებულმა მოვაჭრემ.