„ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს “, - წერს პლატფორმა X-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, დღეს დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, დიზელის საწვავზე კონტროლი დაკარგა და ომი უნდა დასრულდეს.
„სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მათი დიზელის საწვავის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი დაბომბვის შედეგად განადგურდა და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული. ეს უაზრო და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო ზარალდება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, უმეტესად ჯარისკაცები, იღუპება. რა სამწუხაროა!“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.
პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკი წერს:
„ამ ომის ყოველი ახალი კვირა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოველ ახალ წელზე, სულ უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს.
პირველი წუთიდანვე უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ უკვე შევთავაზეთ ათობით დიპლომატიური ინიციატივა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი ღირსეულად, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და როგორ უნდა აღიკვეთოს რუსეთის ახალი შემოჭრები.
ამჟამად მიმდინარეობს დიალოგი პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკასთან. ასევე არსებობს იდეები, რომლებიც მშვიდობის მოახლოებას ისახავს მიზნად და რომლებიც იწყება დეესკალაციის ძლიერი ნაბიჯებით.
უკრაინის ენერგეტიკის სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ჩვენი სურსათის ექსპორტი რუსეთის სამიზნეები აღარ უნდა იყოს, ხოლო ეს ჩვენი მხრიდან შესაბამისი დეესკალაციის ნაბიჯებს გამოიწვევს.
გამოსავლის პოვნა შესაძლებელია. ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხებს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დახმარებას გვიწევს!
აღარ იქნება ისე, რომ მხოლოდ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყანა ზარალდებოდეს. ომის ბუნება ახლა ისეთია, რომ აგრესორიც დაზარალდება. ტექნოლოგია ამის შესაძლებლობას იძლევა.
ქვეყნების ლიდერების ძალას შეუძლია — და უნდა შეძლოს — დეესკალაციის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.