„ჩემი დაპატიმრების მთავარი მიზანი ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება და დისკრედიტაცია იყო“ — პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში საკუთარ დაპატიმრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მათ „საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეს“ და გააჩინეს „უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში“.

ღარიბაშვილის საპატიმროდან წერს, რომ დაკავების დღესვე მიიღო გზავნილი, რომ პოლიტიკა უნდა დაევიწყებინა, სანაცვლოდ კი მას ციხის თავიდან აცილებას, მრავალწლიან პირობით სასჯელსა და ჯარიმას ჰპირდებოდნენ. როგორც თავად წერს, მოგვიანებით პირობები შეიცვალა და მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალი აღიარა, ზიანი აანაზღაურა და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე იმყოფებოდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელოდა, თუმცა საბოლოოდ დაპირებული პირობები აღარ შესრულდა.

„ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური“, — წერს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

წერილში ის ასევე საუბრობს ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიან ურთიერთობაზე და ამბობს, რომ ამ ურთიერთობისა და დაპირისპირების თავიდან აცილების სურვილის გამო - „უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას.“.

ღარიბაშვილის მტკიცებით, ხელისუფლებამ მოგვიანებით ახალი ბრალის აღიარებაც მოსთხოვა, რასაც ის საკუთარი სახელისა და რეპუტაციის საბოლოოდ დაზიანებისა და პოლიტიკაში დაბრუნების რისკის დაზღვევად აფასებს.

ყოფილი პრემიერი წერილში ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციის კამპანიასაც აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებები „ფარსი“ და საზოგადოების შეურაცხმყოფელია.

„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“ — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

წერილის ბოლოს ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას აფრთხილებს: „ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“