სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. როგორც ნტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო.

„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადეს აუდიტის სამსახურში.

რას ეხება მონიტორგი?

სავარაუდოდ, საუბარია ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი მონაწილეები მონაწილეობდნენ.

ამ საკითხზე 18 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება საკითხის სრულად შესწავლას გეგმავს და თუ დადგინდება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა დაირღვა, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

საქმე ისაა, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებაა. სამსახურს, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ფინანსური ანგარიშებისა და სხვა ინფორმაციის გამოთხოვაც შეუძლია.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმა ბახმაროში ბრალდებების პასუხად ხელისუფლების მიდგომას „უსამართლო და უკანონო“ უწოდა.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოში განაცხადეს, რომ სემინარი საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, თუმცა გრანტი არ გაუციათ. 

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 1999 წელს დაარსდა და, ევროპის საბჭოს ეგიდით, ასევე აშშ-ის, ევროკავშირის, მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირებს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას სხვადასხვა სფეროს არაერთი ცნობილი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის პოლიტიკოსები, მინისტრებიც, მოქმედი მოსამართლეებიც და ჟურნალისტებიც.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას აუდიტის სამსახურის მიერ მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებით საჯარო პოზიცია ამ დროისთვის არ გაუვრცელებია.