საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის თავდაცვის (ომის) მდივნის პიტ ჰეგსეთის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი, რომელიც ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს; საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, ქართველი და ამერიკელი სამხედროების მრავალწლიან ერთობლივ წვლილს საერთაშორისო მისიებში, ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და სხვა პროგრამებს.
თავდაცვის სამინისტროში ლუმისი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე პაატა პატიაშვილს და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ირაკლი ჭიჭინაძესაც შეხვდა.
„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ენდრიუ ლუმისსა და დელეგაციის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და თავდაცვის სფეროში ორმხრივი კავშირების განმტკიცების პროცესში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი“, — აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
შეხვედრებს, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი ესწრებოდნენ.