1-ელი სექტემბრიდან სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით უწყების ჩაბარების ახალი წესი ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელისთვის უწყების პირადად ჩაბარება ვერ მოხერხდება, შესაბამისი ინფორმაცია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ცვლილება 31 აგვისტოს დადგენილებით შევიდა „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში“.

ახალი რეგულაციით, უწყების ჩაბარება შეუძლებლად მიიჩნევა, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით მიღებულ შეტყობინებას ორი სამუშაო დღის განმავლობაში არ უპასუხებს. ასევე, საჯარო გამოქვეყნების მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც ფოსტით შეტყობინების გაგზავნა ვერ ხერხდება.

ასეთ შემთხვევაში უწყება ან შეტყობინება სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ წვევამდელს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადებისთვის 10 კალენდარული დღე ექნება.

პასუხისმგებლობა ასევე განისაზღვრება იმ შემთხვევაში, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით სააგენტოში არ გამოცხადდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთ დარღვევაზე ჯარიმა 1 000 ლარია.

ამავე ოდენობით, 1 000 ლარით, დაჯარიმდება პირი, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით სააგენტოში არ გამოცხადდება. აღნიშნული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით არის გათვალისწინებული.

წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასა და გაწვევასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე „ოცნების“ ხელისუფლებამ მუშაობა დაახლოებით ხუთი თვის წინ დაიწყო.