დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ G20-ის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის წარმომადგენელი მიიწვია, რამაც ევროპელ მოკავშირეებს შორის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
აშშ-ის ქალაქ ენშვილში მიმდინარე შეხვედრას რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაც გამართა. ხაზინის წარმომადგენელთა განცხადებით, ბესენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე აშშ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას არ განიხილავს.
თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ევროპელი დიპლომატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გერმანიის ფინანსთა მინისტრის ლარს კლინგბაილის განცხადებით, ევროპული დელეგაციების ერთობლივი პოზიციის შედეგად, ტრადიციული ოფიციალური ფოტოს გადაღება რუსეთის წარმომადგენლის გარეშე შედგა.
რუსეთის ფორუმში დაბრუნებას ამერიკელი კანონმდებლებიც აკრიტიკებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ადმინისტრაციას მოუწოდა, პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გაძლიერდეს და პლატფორმის დათმობის ნაცვლად, სანქციების ახალი პაკეტი დამტკიცდეს.
G20-ის ფორმატში რუსეთის მონაწილეობა მკვეთრი ცვლილებაა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პოლიტიკიდან, რომელიც პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ეკონომიკურ პლატფორმებზე მოსკოვის სრულ იზოლაციას უჭერდა მხარს.