შვეიცარიაში Big Mac-ის ფასი 9.04 დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც ინდონეზიაში იგივე ბურგერის შეძენა 2.38 დოლარად არის შესაძლებელი. ამ განსხვავებას The Economist-ის Big Mac-ის ინდექსი ასახავს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე პროდუქტის ფასის შედარებით ვალუტების მსყიდველობით უნარსა და მათ სავარაუდო შეფასებას ზომავს.

Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები The Economist-ის 2026 წლის ივლისის ინდექსს ეყრდნობა და 53 ქვეყანას, ტერიტორიასა და ევროზონას მოიცავს. მონაცემებით, ყველაზე ძვირი Big Mac შვეიცარიაში იყიდება, ყველაზე იაფი კი — ინდონეზიაში. ფასებს შორის სხვაობა თითქმის ოთხმაგია.

რეიტინგში მეორე ადგილზე ურუგვაია 8.94 დოლარით, მესამეზე კი ნორვეგია — 8.05 დოლარით. ოთხეულში ასევე შედის კოლუმბია, სადაც ბურგერის ფასი 8 დოლარს შეადგენს.

ყველაზე ძვირი Big Mac-ის მქონე ქვეყნების ათეულში ევროპის ქვეყნები დომინირებენ — ექვსი პოზიცია ევროპულ ბაზრებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ევროზონა რეიტინგში ცალკე ერთეულად არის წარმოდგენილი და მისი მაჩვენებელი 7.08 დოლარია.

Big Mac-ის ყველაზე მაღალი ფასის მქონე ქვეყნების ათეული:

ქვეყანა

ფასი (დოლარი)

შვეიცარია

$9.04

ურუგვაი

$8.94

ნორვეგია

$8.05

კოლუმბია

$8.00

ისრაელი

$7.67

დიდი ბრიტანეთი

$7.40

შვედეთი

$7.16

ევროზონა

$7.08

დანია

$7.04

კოსტა-რიკა

$7.00

ბიგ მაკზე ყველაზე დაბალი ფასები აზიის ქვეყნებში ფიქსირდება. ინდონეზიაში Big Mac 2.38 დოლარი ღირს, ტაივანში — 2.42 დოლარი, ინდოეთში კი — 2.45 დოლარი. ამასთან, ყველაზე იაფი ბურგერის მქონე ქვეყნების ათეულიდან შვიდი აზიის რეგიონში მდებარეობს.

იაპონიაში ერთი Big Mac-ის ფასი 3.08 დოლარია, ვიეტნამში — 2.89 დოლარი, ფილიპინებში კი — 2.74 დოლარი. სამხრეთ კორეაში ბურგერი 3.84 დოლარი ღირს.

შედარებისთვის, აშშ-ში, რომელიც ინდექსის საბაზისო ქვეყანაა, Big Mac-ის ფასი 6.22 დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი შვეიცარიის ფასზე დაახლოებით 45%-ით ნაკლებია, თუმცა აზიის ქვეყნების უმეტესობას აღემატება.

Big Mac-ის ინდექსი The Economist-მა 1986 წელს შეიმუშავა. მისი მიზანია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) პრინციპის მარტივი ფორმით ილუსტრირება — რამდენად განსხვავდება ერთი და იმავე პროდუქტის ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში და რამდენად შეიძლება იყოს კონკრეტული ვალუტა დოლართან მიმართებით გადაფასებული ან გაუფასურებული.