საქართველოს პოტენციალს China International Import Expo-ზე ეცნობიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, უკვე მეოთხე დღეა არ წყდება ვიზიტორთა რიგი საქართველოს სტენდთან.
როგორც უწყება იუწყება, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე "აწარმოე საქართველოში" 40-მდე კომპანიასთან ერთადაა წარმოდგენილი.
მათივე ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები: იოსებ ჯაბანაშვილი, დავით ნარიმანაშვილი, ვახო გობეჯიშვილი, ვაკო ვაშაკაშვილი და გურამ ბაღდოშვილი გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ.
ვიზიტორებს საშუალება აქვთ ხაჭაპური, გებჟალია, შქმერული, ჩაქაფული და ქართული ღვინო დააგემოვნონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ.
China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
გამოფენაზე საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა.