„უამინდობის გამო, გზებზე შეფერხებები და რიგებია, რამაც გარკვეულწილად გავლენა იქონია გადაზიდვის ტარიფებზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Kairos Logistics-ის დამფუძნებელმა მიხეილ ნამადოვმა  განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევისა, გაზრდილია ექსპორტი ევროპის მიმართულებით და გააქტიურებულია ტვირთბრუნვა ჩინეთთან, შესაბამისად, Kairos Logistics-მა 2026 წელი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და გასულის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო გადაზიდვების კუთხით, დადებითი დინამიკა აქვს.

„რაც შეეხება გადაზიდვების ტარიფებს, მცირედით არის გაზრდილი ჩინეთიდან თბილისამდე ზღვით ტვირთების ჩამოტანის ფასი, რაც უმეტესად ჩინურმა ახალმა წელმა და გემებზე არსებულმა რიგებმა განაპირობა. ამჟამად, 40 ფუტიანი კონტეინერის საზღვაო გადაზიდვა 5000 დოლარამდე ჯდება. რაც შეეხება სარკინიგზო გადაზიდვებს, აქ ფასები არ გაზრდილა და 7000 დოლარის ფარგლებში მერყეობს“,  - აღნიშნა Kairos Logistics-ის დამფუძნებელმა.

მიხეილ ნამადოვმა მომდევნო წლების პერსპექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შუა დერეფანში საკუთარ აქტუალობას არასდროს დაკარგავს.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პორტები და ჩვენი დაკავშირებადობა შუა აზიასთან ბევრად მოქნილია, ვიდრე სხვა მარშრუტებით. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ახალი მარშრუტების დამატების შემთხვევაში, საქართველოს ფუნქცია შემცირდება. მეტიც, მიმაჩნია, რომ მაგალითად, ზანგეზურის დერეფანი იქნება ერთ-ერთი შემავსებელი შუა დერეფნის“, - განმარტა მიხეილ ნამადოვმა.

მან მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზეც გაამახვილა ყურადღება, რომელზედაც „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს და თქვა, რომ ესეც საკმაოდ საინტერესო მარშრუტი იქნება და ახალი შესაძლებლობა, დამატებითი ტვირთების მოსაზიდად.

წყარო: ბიზნესპარტნიორი