მუდმივი ბინადრობის არმქონე მოქალაქეებს 1-ელი მარტიდან კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტის“ ეთერში Travel to Georgia-ს დამფუძნებელმა, ლაშა ბერეკაშვილმა ისაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ  გადაწყვეტილება ქვეყანას ადრე თუ გვიან უნდა მიეღო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი ნაადრევია.

როგორც ლაშა ბერეკაშვილი განმარტავს, არ არის გამორიცხული, უცხოელი გიდებისთვის მუშაობის აკრძალვას ტურისტების ნაკადების შემცირება მოჰყვეს. გარდა ამისა, ბუნდოვანია, როგორ მოხდება კანონის აღსრულება - ვინ გააკონტროლებს, ვინ აკრძალავს, ვინ დააჯარიმებს, ვინ გაატარებს სანქციებს?

„ჩვენი პოზიცია არის ასეთი - ხომ არ აჯობებდა, 3-იდან 5 წლის ვადით მიგვეცა უცხოელი გიდებისთვის პერიოდი, ვისაც სურვილი ექნება, გადამზადება გაიაროს. გადამზადების შემდეგ ჩააბარებენ გამოცდებს და გააგრძელებენ მუშაობას. ანუ ქვეყანა მისცემს მათ აკრედიტაციას კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. ასე პირდაპირ აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ ვისაც ჩამოჰყავდა ჯგუფები, ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადები, რომლებიც მას ენდობიან, გასაგებ ენაზე ესაუბრებიან, შესაძლოა, ქვეყანამ ეს ჯგუფები დაკარგოს“, - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

ლაშა ბერეკაშვილი განმარტავს, როგორ მუშაობს მსგავსი აკრძალვა უცხო ქვეყნებში, სადაც ტურისტული ჯგუფები ქართველ ტუროპერატორებს გადაჰყავთ და როგორ შეიძლება კანონისთვის გვერდის ავლა - საზღვარგარეთ აუცილებლად აჰყავთ ადგილობრივი გიდი, რომელსაც აქვს ბეიჯი, სერტიფიკატი და ასე შემდეგ. ის უბრალოდ ზის ავტობუსში, არის ფორმალური ნაწილი, ხოლო ქართველ ტურისტებთან ისევ ქართველი გიდი საუბრობს.

რაც შეეხება ქართველ გიდებს, ამ შემთხვევაში, ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ ენების გამოვლენა, სადაც ყველაზე ნაკლები ქართველი გიდი, რათა მოხდეს მათი გადამზადებაც, თუნდაც აიმაღლონ კვალიფიკაცია კონკრეტულ ქვეყნებში, გაიუმჯობესონ ენის ცოდნა.

„ამ 5 წლიან პერიოდში ვზრდით ადგილობრივ გიდებს, რა ენებზეც გვაქვს დეფიციტი, რაც ტურისტების ნაკადების წყვეტის პრობლემას მოაგვარებს, რის წინაშეც შეიძლება ამ კანონის გამო დავდგეთ. გარკვეული ჯგუფი ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა კარგია, დაე, ასე იყოს, ყველაფერი მალე გამოჩნდება პრაქტიკაში. ისინი იპოვიან გზებს, როგორ მოერგონ ამ კანონს, რეალურად არაფერი შეიცვლება.

უცხოელი გიდები, როგორც წესი, ინფორმაციას იღებენ რუსული წყაროებიდან, სადაც ყველაფერი დამახინჯებულია. მაგალითად, ჰყვებიან, რომ საქართველომ მოაწყო ეთნოწმენდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მათი გადამზადებით ამის გამოსწორებაც წარმატებით შეიძლება. ვიმეორებ, აკრძალვა საჭიროა, მაგრამ არა ასე ერთბაშად, ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს - გადავამზადოთ უცხოელი და გავაძლიეროთ ადგილობრივი გიდები. 5 წლის შემდეგ კი გვეყოლება ძლიერი შიდა კადრები, ხოლო უცხოელი გიდები, ვინც გადამზადდება, დარეგისტრირდებიან, გადასახადების გადახდას დაიწყებენ და ქვეყანა ასე გაცილებით დიდ სარგებელს ნახავს“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.