მზარდი ინფლაციისა და სადაზღვევო ტარიფების მოსალოდნელი გაძვირების ფონზე, „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან ფისკალურ სტიმულირებაში ხედავს. ხეჩინაშვილის განცხადებით, აუცილებელია ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში დაინერგოს საგადასახადო შეღავათების ისეთივე მოდელი, როგორიც დღეს კერძო საპენსიო დაზოგვის შემთხვევაში მოქმედებს.
„მე ვფიქრობ, რაღაც მომენტში მთავრობას ამის გაკეთება მოუწევს. საჭიროა სხვადასხვა ტიპის საგადასახადო სტიმულები, მათ შორის, დაზღვევაშიც. როგორც ახლა კერძო პენსიაშია - რომ რაღაც ნაწილი, 6 000 ლარამდე წელიწადში, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. აი, ასეთი ფისკალური სტიმულებია საჭირო, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევაში,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი BMG-სთან.
მისივე განმარტებით, ეს საკითხი სადაზღვევო ბაზრისთვის ახალი არ არის და სექტორი მის ლობირებას ათწლეულების განმავლობაში ცდილობს.
„ეს საკითხი საქართველოში ათწლეულების განმავლობაში დგას, თუმცა, ჩვენი ადვოკატირება და ლობიზმი ამას არ ყოფნის. თორემ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში - როდესაც კორპორატიული ხელშეკრულებების შემთხვევაში დამქირავებელი იხდის ფულს, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ეს ხარჯები მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდება გადასახადებისგან.
ჩვენთან არის ისე, რომ როცა იხდი ამას [სადაზღვევო პრემიას], სრულად იხდი, სრული დატვირთვა გაქვს შემდგომ... ეს არის მთელი რიგი საკითხების, რომელიც არ წყდება საქართველოში ასე, სამწუხაროდ“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბევრმა ქვეყანამ გლობალური კრიზისის ფონზე უკვე დაიწყო სხვადასხვა სექტორისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება.
„დაიწყო, მაგალითად, აქციზების შემცირება ნავთობპროდუქტებზე, სწორედ იმის გამო, რომ შეამსუბუქონ ტვირთი ქვეყანაში. ასეთი საკითხები არსებობს და ამაზე ვისაუბრებთ, როდესაც გამოჩნდება, რამდენად კატასტროფული იქნება ფასების ზრდა ან იქნება თუ არა საერთოდ“, - განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.