TENE-ს დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ პლასტმასის პრობლემასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება, რასაც განვითარებული ქვეყნები იყენებენ, დეპოზიტური სისტემაა, როცა ხდება ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატების განთავსება, სადაც მომხმარებელს პლასტმასის ბოთლების დაბრუნება და გარკვეული თანხის უკან დაბრუნება შეუძლია.
რაც შეეხება პლასტმასის ბოთლების სრულად აკრძალვის ეფექტიანობას, როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სანდრო ლილუაშვილი აღნიშნავს, მას მსგავსი მაგალითი, მით უფრო, წარმატებული მაგალითი, არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით არ ახსენდება.
„პირველ რიგში, შუშა არ ნიშნავს ნაკლებ ზიანს გარემოსთვის, რადგან შუშის დასამზადებლად რამდენჯერმე მეტი სასათბურე აირების ემისიის გატყორცნა ხდება ატმოსფეროში, ვიდრე პლასტმასის ბოთლის დამზადებას სჭირდება. შესაძლოა, ამას გარემოსთვის უფრო მეტი ზიანიც კი მოჰქონდეს. მეორე საკითხია, რამდენად მზად არის თავად სექტორი - ძალიან ბევრი კომპანია ამზადებს, იყენებს ბოთლს, შემოაქვს კაფსულები. ახლა მოუწევთ გადაწყობა, რაც გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული“, - აცხადებს სანდრო ლილუაშვილი.
თავად კომპანია TENE, როგორც სანდრო ლილუაშვილი განმარტავს, წარმოებაში ბოთლებს არ იყენებს, მისი შეგროვება მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხდებოდა. კომპანიას ბოთლის თავსახურები სჭირდება, რომელიცხმარებაში რჩება.
„არსებობს სხვადასხვა სახის პლასტმასა, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ, თუ მაინც აიკრძალა ბოთლები. ჩვენთვის არ იქნება სირთულე, მაგრამ სხვა ბევრ კომპანიას პრობლემები შეექმნება.
რეგულაციის კიდევ ერთი მიმართულებაა ცელოფნის პარკის აკრძალვა და მისი მუყაოთი ჩანაცვლება. რამდენადაც მე მაქვს გამოცდილება, უფრო ძვირი ჯდება განახლებადი, ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენება. ზოგადად, ეს პლასტმასის ბოთლები და პარკები ხომ იმიტომ არის დანერგილი,რომ ყველაზე მარტივი და იაფი გამოსავალია და შესაბამისად, ბიზნესიც იქით მიდის, რომელიც მისთვის ყველაზე მარტივი და მომგებიანია. აქედან გამომდინარე, აკრძალვა ბიზნესისთვის სირთულეების შექმნას, ხარჯების გაზრდას ნიშნავს. თავისთავად, ხარჯები გაიზრდება - ნაწილი ბიზნესის მხარეს დარჩება, ნაწილი კი მომხმარებლის მხარესაც გადმოვა“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.