დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერის განმარტებით, ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.
„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.