"კომერსანტის თემამ" ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძეს უმასპინძლა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა "ბრიტანულ ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე ბიზნეს-დავის შესახებ.

საუბარში, დავის სხვა ასპექტებთან ერთად, ანალიტიკოსმა ისაუბრა ვითარებაზე, რომელიც აკადემიის გარშემო შეიქმნა, მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მონაცემების ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესთან დაკავშირებით

ცუცქირიძის  თქმით, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციისა და არსებული გარემოებების მიხედვით, დავის მიმდინარე ესკალაცია უკავშირდება სწორედ მინორიტარი პარტნიორის (ნათია ჯანაშიას მხარის) მხრიდან, საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის პროცესში გადაწყვეტილებების დაბლოკვის მცდელობას, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება შეფასდეს როგორც მმართველობითი პროცესების გაჭიანურების მცდელობა და, მეორე მხრივ, ქმნიდა რისკს, რომ პროცესი უკიდურესად გართულებულიყო - თუნდაც აკადემიის ფუნქციობის ხარჯზე.

"საჯარო სივრცეში არსებული მონაცემებით, დავა განსაკუთრებით გააქტიურდა 13 მარტის რიგგარეშე კრების შემდეგ, ასევე მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მონაცემების ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესთან დაკავშირებით. ვადად განსაზღვრული იყო 2026 წლის 1 აპრილი, ხოლო მისი დარღვევა უკვე იწვევდა რეგისტრაციის შეჩერების რისკს და შესაბამისად, გავლენას ახდენდა კომპანიის სამართლებრივ და ოპერაციულ ფუნქციობაზე.

კორპორაციული სამართალი, რა თქმა უნდა, იცავს მინორიტარი პარტნიორის ინტერესებს, თუმცა ეს დაცვა არ არის აბსოლუტური და არ გულისხმობს მმართველობითი პროცესების პარალიზებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მინორიტარი პარტნიორის ქმედებები სისტემურად აფერხებს აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ პირობებში, როცა არსებობს ვადების დარღვევის რისკი, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც უფლებების განხორციელების ფარგლების გადაჭარბება.

ასეთ სიტუაციაში მთავარი რისკი არის არა რომელიმე მხარის ინტერესების უპირატესობა, არამედ კომპანიის ფუნქციობის შეფერხება. სწორედ ამიტომ კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მენეჯმენტს პროცესის მართვა ისე მოეხდინა, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა არ შეჩერებულიყო.

არსებული ინფორმაციით, საჯარო რეესტრში მოქმედი მენეჯმენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აღდგენილია, რაც პროცესის სტაბილიზაციას უწყობს ხელს.

ზიანის თვალსაზრისით, პირველ რიგში საფრთხე ექმნებოდა აკადემიის მოსწავლეებისა და თანამშრომლების ინტერესებს — ანუ საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობას. ამ ფონზე გარკვეული კითხვები მაინც რჩება იმასთან დაკავშირებით, რა მიზნებს ემსახურებოდა პროცესის ასეთი გამწვავება, თუ საბოლოო შედეგი შეიძლებოდა გამხდარიყო ორგანიზაციის ფუნქციობის შეფერხება", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

გიორგი ცუცქირიძემ ყურადღება ასევე გაამახვილა იმაზე, თუ რეალურად რამდენად იდგა აკადემიის ლიკვიდაციის საკითხი, რაზეც დაჟინებით აპელირებდა, საკუთარ განცხადებებში, მინორიტარი აქციონერი. და თუ მართლაც იდგა ეს საფრთხე, ვის ინტერესში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო აკადემიის ფუნქციობის შეჩერება.

მისი მოსაზრებით, მოცემულ პერიოდში აკადემიის ხელახალი რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით წარმოშობილმა არსებითი ხასიათის პროცედურულმა და სამართლებრივმა დაბრკოლებებმა, მართლაც შექმნეს რეგისტრაციის დროული და შეუფერხებელი დასრულების რეალური რისკი.

"ეს დაბრკოლებები, მათ შორის, უკავშირდებოდა მინორიტარი მესაკუთრის მიერ რეგისტრაციის პროცესის დროებითი შეჩერებას და დამატებით სამართლებრივგაურკვევლობას პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით.

ამ გარემოებებში, რეგისტრაციის პროცესის დროულად არდასრულების შემთხვევაში, არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ აკადემიის სამართლებრივი სტატუსი დარჩებოდა დაურეგულირებელი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდიდა მისი ფუნქციობის შეჩერების ან სერიოზული შეფერხების რისკს.

შესაბამისად, არსებული ვითარება ობიექტურად ქმნიდა იმ სცენარის განვითარების შესაძლებლობას, რომლის შედეგადაც აკადემიის საქმიანობის უწყვეტობა შეიძლებოდა არსებითად დარღვეულიყო, მათ შორის სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლების არარსებობის გამო.

ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედი მენეჯმენტისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების აღდგენის შესახებ, რამაც უზრუნველყო საჯარო რეესტრში მენეჯმენტის უფლებამოსილების აღდგენა და შეამცირა კომპანიის ფუნქციობის შეჩერებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ოპერაციული რისკები.

ფაქტია, რომ ამ გაურკვეველ პერიოდშიც კი მოქმედმა მენეჯმენტმა შეძლო საწარმოო პროცესის ისე მართვა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობის უწყვეტობას საფრთხე არ შექმნოდა. ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მაჟორიტარი პარტნიორის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“,  ინტერესებში არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო აკადემიის ლიკვიდაცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ლიკვიდაციის საფრთხე რეალურად არსებობდა. აქედან გამომდინარე, იკვეთება კითხვა - რამ განაპირობა ამ რისკის წარმოშობა. არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიანიშნებს, რომ აღნიშნული საფრთხე, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ შემთხვევაში, ნათია ჯანაშიას მხარის მოქმედებებს უკავშირდება. თუმცა, კითხვაზე - რა იყო ამგვარი ქმედებების მოტივი - ერთმნიშვნელოვანი და ლოგიკურად გამართული პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს", - ხაზი გაუსვა გიორგი ცუცქირიძემ.