საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს ჩვენი გუნდი რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 5 ივნისს – ბაჰრეინს. ორივე მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო-რუმინეთზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა – 2 მაისს, 12:00 საათზე, ხოლო საქართველო-ბაჰრეინის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია 5 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩზე გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს, მაქსიმუმ, სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.