ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 826 ათასი ევროს ხელშეკრულება გააფორმა დუბაიში რეგისტრირებულ კომპანია FLC MARKETING MANAGEMENT-თან.
ერთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია სპარსეთის ყურის ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიის წარმოება უნდა უზრუნველყოს. საუბარია კატარზე, საუდის არაბეთზე, ქუვეითსა და გაერთიანებული საამიროებზე.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, FLC MARKETING MANAGEMENT-ს ევალება სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის წარმოება, რაც ციფრულ მარკეტინგს, მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციას (B2C), ბიზნესებს შორის ურთიერთობებს (B2B) და ცნობადობის ასამაღლებელ (PR) აქტივობებს შემდეგ კომპონენტებში:
- ციფრული მარკეტინგი: სოციალური მედიის კამპანიები Google, Meta, TikTok და Snapchat პლატფორმებზე;
- ტელევიზია;
- თანამშრომლობა წამყვან ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებთან;
- Roadshow-ების ჩატარება 8 ქალაქში;
- პრეს და გაცნობითი (FAM) ტურები;
- ინდივიდუალური მეგა-ინფლუენსერების ტურები;
- გაყიდვებზე ორიენტირებული აქტივობები (Sales Calls);
- დისტანციური საქმიანი შეხვედრები (Webinars);
- საინფორმაციო ბიულეტენების (Newsletters) დაგზავნა;
- პრესრელიზების მომზადება და გავრცელება;
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები ომის მიუხედავად, მაინც მზარდია. ოფიციალური მონაცემებით, I კვარტალში საუდის არაბეთიდან საქართველოში 8 862 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 36%-ს შეადგენს. 20%-იანი კლებაა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, საიდანც 2 118 ვიზიტი დაფიქსირდა, კატარიდან ვიზიტების კლება 7%-ია და 362-ს შეადგენს. ქუვეითიდან ვიზიტები თითქმის 19%-ით 3255-მდე შემცირდა. ომანიდან ვიზიტები წლიურად 1%-ით გაიზარდა და 457 ვიზიტი შედგა. ბაჰრეინიდან ვიზიტები 21%-ით არის გაზრდილი და 833 შეადგენს. ეგვიპტიდან ვიზიტების ზრდა 8% იყო და 2 249 შეადგინა.
იმის გამო, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია თვიურ მაჩვენებელს არ აქვეყნებს, რადგან როგორც უწყებაში აცხადებენ, მათთვისაც კვარტალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, უცნობია როგორ აისახა ირანში ომი, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, რეგიონის ქვეყნებიდან ვიზიტორების მაჩვენებელზე.