„ჩემი მიზანი და სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ - მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გავაუმჯობესოთ მკურნალობის ეფექტიანობა პაციენტებისთვის. ამაზე სამინისტრო მუშაობას განაგრძობს, ეს არ დაწყებულა დღეს, ეს საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული - მანამ, ვიდრე აქ მჯდომი, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი ამ საკითხით დაინტერესდებოდა“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობას აგრძელებს შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად.
„მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და, ნებსით თუ უნებლიედ, ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას.
ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომაც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, რეალურად, გულშემატკივრობენ და თანაუგრძნობენ ამ ხალხს და ვსაუბრობ, უპირველესად, მათთვის, რადგან მათ რიგებში ვართ ჩვენც. სამინისტროში მანამდე დავინტერესდით, დავიწყეთ საკითხის შესწავლა და მუშაობა, როდესაც ეს საკითხი არავის ინტერესის სფეროში არ ხვდებოდა, უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა.
ბევრისთვის, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, სანამ დაავადების სახელიც ცნობილი გახდებოდა, მოიკითხეთ რამდენჯერ გაიმართა შეხვედრა, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გამონახულიყო ნამდვილი საშუალება თითოეული პაციენტის დახმარებისთვის“ - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა სამინისტროს პოზიციის დამახინჯებულად წარმოჩენის მცდელობებსა და მისთვის ისეთი განცხადებების მიწერას, რაც, რეალურად, არ გაკეთებულა.
„ამ დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია და ინტერპრეტაცია გავრცელდა. მე უნდა გამოვიყენო ეს ტრიბუნაც და უნდა ვცადო, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.
ისეთებზე არ ვისაუბრებ ბევრს, რომ თითქოსდა რომელიმე მშობლისთვის მითქვამს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის, ესეც მომაწერეს. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს არც მე და არც რომელიმე ჩვენს თანამშრომელს შეხვედრებისას, არც გვიფიქრია და ვაცხადებ ამას სრული პასუხისმგებლობით. ეს არის, უბრალოდ, ტყუილი. მეტს აქ ვერაფერს დავამატებ.
იგივე ითქმის იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოსდა მხოლოდ ფასებზე ვსაუბრობდით მშობლებთან შეხვედრების დროს. არა, მსგავსიც არაფერი ყოფილა. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორეხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება, თუმცა მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთბობას ცდილობს. დიახ, როდესაც ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი, ეს აისახება მარკეტინგის აგრესიულობაზეც“ - განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს