ახლო აღმოსავლეთში ომის გამო, გლობალური ენერგორესურსების ფასები წელს 24%-ით გაიზრდება, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის (WB) მიმოხილვაში Commodity Markets Outlook.

ნედლეულის ფასების საერთო ზრდა 16%-ს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის დაჩქარებას და ეკონომიკური ზრდის შენელებას მთელ მსოფლიოში. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა და ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეზღუდვებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ნავთობის კრიზისი გამოიწვია, რამაც ნედლი ნავთობის მარაგი დღეში დაახლოებით 10 მილიონი ბარელით შეამცირა. პიკური მნიშვნელობიდან უკან დახევის შემდეგაც კი Brent-ის ფასი აპრილის შუა რიცხვებში წლის დასაწყისში არსებულ დონესთან შედარებით 50%-ით მეტით მაღალი იყო.

მსოფლიო ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ კლასის ნავთობის საშუალო ფასი 2026 წელს ბარელზე 86 დოლარი იქნება, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 69 დოლარი იყო. ეს პროგნოზი ვარაუდობს ჰორმუზის სრუტეში პირობების გაუმჯობესებას მაისში და მომარაგების თანდათანობით აღდგენას ომამდელ დონემდე 2026 წლის ბოლოსთვის.

მოსალოდნელია, რომ ფერადი ლითონების, მათ შორის ალუმინის, სპილენძისა და კალის ფასები ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს, რაც ნაწილობრივ განპირობებულია მონაცემთა ცენტრებისა და ელექტრომობილების მწარმოებლების მხრიდან მოთხოვნის ზრდით.

ძვირფასი ლითონების ფასები, სავარაუდოდ, 2026 წელს საშუალოდ 42%-ით გაიზრდება, რაც განპირობებულია გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე უსაფრთხო თავშესაფრად ქცეულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდით.

ვრცლად interfax – ზე