ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ სამეწარმეო საქმიანობას და არსებული ტენდენციის გათვალისწინებით 100-მდე პოტენციურ მწარმოებელს შეეხება
„ღვინის ხარისხის რეფორმა მიმართულია საქართველოს ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების განვითარებას. რეფორმის მიზანია ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება ხარისხიანი ყუძნიდან. ამის მისაღწევად კი, საქართველოს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ვენახი; რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ.
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ/სამეწარმეო საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.
სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.
სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.
„ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აღნიშნული მძაფრი კონკურენციისა და ჭარბწარმოების ფონზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე“, - აღნიშნა ზურაბ ვაჭარაძემ.
ამ ეტაპზე, ვენახების გაშენების ტემპი შენელებულია. ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტრამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს.
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებმა