OpenAI-მ და Microsoft-მა ექსკლუზიური პარტნიორობისა და შემოსავლების გაზიარების შესახებ შეთანხმების ოფიციალურად დასრულების შესახებ განაცხადეს. კომპანიებს შორის შეთანხმებული ახალი პირობებით, OpenAI-ს სრული თავისუფლება ექნება, საკუთარი მოდელებისა და პროდუქტების გამოყენების ლიცენზია ნებისმიერ მესამე მხარესა და Cloud-პლატფორმაზე გასცეს, მათ შორის Microsoft-ის პირდაპირი კონკურენტებისთვის, როგორებიც Google და Amazon-ი არიან.
ექსკლუზიური პარტნიორობის დასრულება რადიკალურად ცვლის აქამდე არსებულ სტრატეგიას, რომელმაც თავის დროზე Microsoft-ს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ლიდერის სტატუსი მოუპოვა, ხოლო OpenAI-ს — ძირითად რესურსებსა და გამოთვლით სიმძლავრეებზე წვდომა.
თავის მხრივ, Microsoft-ი იხსნის ვალდებულებას, ხელოვნური ინტელექტის ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი OpenAI-ს გადასცეს. OpenAI-სთვის კი Microsoft-თან არსებულ დავალიანებაზე ფიქსირებული მაქსიმალური ზღვარი დაწესდება. შედეგად, განუსაზღვრელი ვადით გადახდების გაგრძელების ნაცვლად, OpenAI ამ თანხის დაფარვის შემდეგ დავალიანებისგან სრულად გათავისუფლდება.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-სა და OpenAI-ს შორის მიღწეული ახალი შეთანხმებით გადაიხედება გასული წლის ოქტომბერში შეთანხმებული კომერციული პირობებიც. წინა გარიგებით, Microsoft-მა კომპანიაში 27%-იანი წილი მიიღო, ასევე ინვესტორებისთვის კომპანიიდან მოგების ზღვარიც გაუქმდა. ახალი წესებით, წილის მიუხედავად, კომპანიებს შორის პარტნიორობა ნაკლებად ექსკლუზიური გახდება და OpenAI-ს სხვა კომპანიებთან მუშაობის უფლებაც მიეცემა.
ორშაბათ დილას, კომპანიებს შორის ექსკლუზიური პარტნიორობის დასრულების შესახებ განცხადებას Microsoft-ის აქციების ღირებულების 1%-ით ვარდნა მოჰყვა.
ცნობისთვის, 2026 წლის მარტის დაფინანსების რაუნდში OpenAI-მ $122 მილიარდი მოიზიდა, რაც კერძო ტექნოლოგიური კომპანიისთვის ისტორიულად რეკორდული შედეგია. შედეგად, კომპანიის საბაზრო ღირებულება $852 მილიარდამდე გაიზარდა და არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წელს შესაძლოა OpenAI-მ $1-ტრილიონიანი ღირებულებით IPO-ზე განაცხადიც შეიტანოს.