ტაქსების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ აგლაძე რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება ქვეყნისთვის ეფექტიანი ვერ იქნება. მისივე თქმით, თუკი აქციზის განაკვეთი შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც დაიკლებს, რაც შემდგომში პრობლემას შეუქმნის ქვეყანას სოციალური ვალდებულებების დაფარვის მიმართულებით.

„საწვავზე აქციზის გადასახადის შემცირება ისეთ შედეგს ვერ მოგვცემს, რაც ჩვენ გვინდა. აქციზის შემცირებამ შეიძლება გარკვეულ ეტაპზე ეფექტი იქონიოს, თუმცა პრობლემა შეექმნება სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან ერთ-ერთი დიდი პუნქტი შემოსავლების  ზუსტად აქედან აქვს მთავრობას. როგორ უნდა თქვას ამ თანხაზე უარი, როცა ამდენი სოციალური  პროგრამაა განსახორციელებელი. 700-800 ათასამდე პენსიონერი და სოციალურად დაუცველი გვყავს და იმ ხალხმა რა უნდა გააკეთოს მაშინ, როგორ მოემსახუროს ბიუჯეტი ამ ხალხს“ - განაცხადა ზურაბ აგლაძემ.