იმ ფონზე, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ბენზინი და დიზელი მნიშვნელოვნად არის გაძვირებული, მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური გახდა საწვავად თხევადი გაზის, იგივე LPG-ის გამოყენება, როგორც იაფი ალტერნატივის.
მართალია, ბოლო თვეებში, ფასები მცირედით მასზეც გაიზარდა, თუმცა 1 ლიტრი LPG-ის ღირებულება კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბენზინისა და დიზელის ფასებს.
სწორედ ღირებულება არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც, სულ უფრო მეტი ავტომფლობელები ირჩევს მას საწვავად, მათ შორის ცენტრალური ევროპის წამყვან სახელმწიფოებშიც კი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ეს სექტორი მზარდია საქართველოშიც და ქვეყანაში არსებული მანქანების 15% უკვე LPG-ზეა გადასული.
რაც შეეხება LPG-ის მომხმარებელთა რიცხვს, როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განუცხადა, ქვეყანაში უკვე 170 ათასი ავტომფლობელი მოიხმარს საწვავად თხევად გაზს.
„ერთი ლიტრი LPG-ის ფასები კი ამჟამად, საქართველოში უმეტესად 1 ლარი და 35 თეთრიდან - 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს. თუმცა, არის გარკვეული სადგურები, სადაც 1 ლარსა და 75 თეთრსაც აღწევს“, - აღნიშნა ნიკა ხოფერიამ.
მან სექტორში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დედაქალაქში უკვე თითქმის ერთი თვეა, თხევადი გაზის ავტოგასამართ სადგურებს აჯარიმებენ. ამ დროის განმავლობაში, ფულადი სანქცია რამდენიმე ათეულ სადგურს შეეხო, საჯარიმო თანხის მოცულობა 2500-დან 5000 ლარამდე მერყეობს.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მონიტორინგი ახალი რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების წესების დარღვევით განთავსება-რეალიზებას ეხება. საუბარია საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზების ობიექტებზე, ასევე ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებულ თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურებზე.
თხევადი გაზის ასოციაციაში ამბობენ, რომ რეგულაციებს მიესალმებიან, თუმცა ბიზნესს სჭირდება გარკვეული დრო, რომ ახალ რეგულაციას მოერგოს, პირდაპირ დაჯარიმება კი იწვევს ბიზნესოპერატორების ბაზრიდან გასვლას.
„მაღალი ჯარიმების გამო, თბილისში თხევადი გაზის სადგურები სავარაუდოდ დაიკეტება. ბევრმა უკვე შეაჩერა მუშაობა. ბიზნესს უნდა მიეცეს ლოგიკური დრო, რათა თავიდან მოაწყონ ობიექტები. აუცილებელია შესაბამისი დანადგარების შეკვეთა და სხვა ქვეყნიდან შემოტანა, ასევე ახალ ლოკაციაზე სადგურის მოწყობისთვის გარკვეული ნებართვების მიღება მუნიციპალიტეტისგან. ამ ყველაფერს კი, დაახლოებით, 12-დან 18 თვემდე დასჭირდება. რაც მთავარია, აუცილებელია მაღალი დონის კომუნიკაცია მერიის შესაბამის უწყებებთან“, - განმარტა ნიკა ხოფერიამ.
ცნობისთვის, საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი თვიდან თვემდე მზარდია. ბოლო მონაცემების მიხედვით, ანუ 2026 წლის იანვარ-მარტის თვეების მდგომარეობით, საქართველოში 27 ათასი ტონა თხევადი გაზის, იგივე LPG-ის იმპორტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია.