ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ირანის შეთანხმება კვირების განმავლობაში მიმდინარე ესკალაციის შემდეგ უკიდურესი ზღვარიდან უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეთანხმება ქმნის საჭირო შანსს, რათა შემცირდეს საფრთხეები, შეჩერდეს რაკეტები, განახლდეს ნაოსნობა და შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის მდგრადი შეთანხმების მისაღწევად.

„ჰორმუზის სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას. ვესაუბრე პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს და მადლობა გადავუხადე მას ამ საწყისი შეთანხმების უზრუნველყოფისთვის. შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს, რადგან ომის გამომწვევი მიზეზები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და კონტაქტზეა რეგიონში პარტნიორებთან. დღეს ამ საკითხს საუდის არაბეთში განვიხილავ“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ირანისა და აშშ-ს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

„ვიწვევ მათ დელეგაციებს ისლამაბადში პარასკევს, 2026 წლის 10 აპრილს, ყველა დავის მოსაგვარებლად საბოლოო შეთანხმების მისაღწევად შემდგომი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მიღწევაში წარმატებული იქნება“, - აღნიშნა პაკისტანის პრემიერმა.

წყარო: ipn.ge