ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.
მისივე თქმით, თითოეული ვიზიტით ორივე მხარე ურთიერთობის ნულიდან აღდგენას ცდილობს.
„ამერიკის მხარის პოზიციაა, რომ, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილში აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან.
მიმდინარე კვირას კახა კალაძემაც ისაუბრა აპრილში დაგეგმილ შეხვედრებზე:
„აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე, იქნება საინტერესო სიახლეები. დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.