„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ქართული ტურიზმისთვის მნიშვნელოვან უარყოფით რისკებს შეიცავს. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, საერთაშორისო ვიზიტების ჯამურ რაოდენობაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წილი 10-11%-ია, თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მისი წილი თითქმის 20%-ს აღწევს. კერძოდ, ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3589 ლარს ხარჯავენ, საუდის არაბეთიდან - 3941 ლარს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ტურისტული კომპანია Travel to Georgia-ს დამფუძნებელმა ლაშა ბერეკაშვილმა ისაუბრა.

როგორც ლაშა ბერეკაშვილი აღნიშნავს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ტურიზმის სექტორზე ხელშესახებ გავლენას ახდენს, ვინაიდან გალფის ქვეყნებიდან ტურისტები ძირითადად ისეთ სეზონზე შემოდიოდნენ, რომელ სეზონზეც ნაკლებად შემოდიან ტურისტები მათ შორის, ევროპიდან.

„ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე იყო შესაძლებელი, შესაბამის უწყებებს გარკვეული რისკები კოორდინირებულად განეხილა კერძო სექტორთან, შეიძლებოდა შესაძლო კონფლიქტისთვის მოვმზადებულიყავით. ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეული ჯავშნების დივერსიფიკაცია მოგვეხდინა სხვადასხვა ბაზარზე, ან არ გაგვეთვალა ის მაღალი მოლოდინი, რომელსაც იანვრისა და თებერვლის თვეებში ვხედავდით. შედეგად, ამ გაუთვლელმა მოლოდინებმა და არსებულმა კონფლიქტმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს. გამოქვეყნდა მონაცემები, რომ პირველად ისტორიაში გადააჭარბა ტურიზმის სექტორის მიერ ვერ დაბრუნებულმა ვალის ოდენობამ 100 მილიონ ლარს“, - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, დღევანდელი კრიზისის პირობებში პირველ რიგში აუცილებელია, რომ ტურიზმის დეპარტამენტმა ან ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელოს, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო ყველა ტურისტისთვის როგორც ფრენის, ისე მოგზაურობისთვის. განსაკუთრებით უნდა მიაწვდინონ ხმა არაბეთის ქვეყნებში მათ, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა მოგზაურობა, რათა ჯავშნები საქართველოზე გადმოიტანონ.

„კერძო სექტორთან კოორდინირებით შესაძლებელია გარკვეული პროცენტი ამ ადამიანების საქართველოზე გადმომისამართება. ეს საკმაოდ დიდ შეღავათს მოგვცემდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. არის გარკვეული მცდელობები კერძო სექტორის მხრიდან, მაგრამ როგორ კარგადაც არ უნდა იმუშაოს კერძო სექტორმა, ვერ შეძლებენ იმდენს, რაც შესაბამის უწყებებს შეუძლიათ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბუნდოვანია ზაფხულის შემდგომი პერიოდები. ზამთრის გადაგორება ამ პირობებში შეუძლებელი იქნება. თუ იმედიანად მივდივართ ზაფხულისკენ, რომ ელემენტარულად, არსებულ ვალდებულებებს მაინც გავისტუმრებთ, შემდეგი პერიოდი უკვე ძალიან ბუნდოვანია, მათ შორის, ზამთრის კურორტებზე, რომელსაც დიდწილად სწორედ გალფის ქვეყნების ტურისტები ავსებდნენ“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.