თავისი საჰაერო სივრცისა და სამხედრო ბაზების გამოყენების წესებს თითოეული ევროპული ქვეყანა ინდივიდუალურად ადგენს.
Rafale-ს ტიპის ფრანგული სამხედრო თვითმფრინავი პარიზის თავზე მიფრინავსSIMON GUILLEMIN / HANS LUCAS
უამრავ გამოწვევასთან ერთად, ირანთან ისრაელ-ამერიკის ომის კიდევ ერთი შედეგი ის არის, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და ევროპელებს შორის დაძაბულობა იზრდება; აშშ-ს ლიდერი ევროპელ კოლეგებს ომის წარმოებაში არასაკმარის მხარდაჭერასა და ხელშეშლაშიც კი ადანაშაულებს. ახლახან დონალდ ტრამპმა საფრანგეთი მკაცრად გააკრიტიკა და ოფიციალური პარიზი იმაში დაადანაშაულა, რომ ისრაელისკენ მიმავალ სამხედრო თვითმფრინავს მის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან მიმართებაში ევროპელები საფრთხილეს იჩენენ, რადგან ის საკუთარ ომად არ მიაჩნიათ, შესაბამისად - ამერიკული ოპერაციებისადმი მათი რეალური მხარდაჭერა საკმაოდ არათანმიმდევრულია.
საკუთარი საჰაერო სივრცისა და სამხედრო ბაზების გამოყენების წესებს თითოეული ევროპული ქვეყანა თვითონ ადგენს. პარიზს არ გაუსაჯაროვებია, რა ტიპის სამხედრო თვითმფრინავს და რა მიზეზით აუკრძალა თავის ტერიტორიაზე გადაფრენა. მიუხედავად ამისა, არსებულ რუკებზე კარგად ჩანს რეალურ დროში ახლო აღმოსავლეთისკენ მიმავალი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების რეგულარული მიმოსვლა.
გაერთიანებული სამეფო, გერმანია...
ამერიკული არმია სხვადასხვა ქვეყნის, უპირველეს ყოვლისა კი, გაერთიანებულ სამეფოს მხარდაჭერას ეყრდნობა. ომის დასაწყისში ლონდონმა უარი თქვა, მისი ბაზები გამოეყენებინათ იმ თვითმფრინავებს, რომლებსაც ირანი უნდა დაებომბათ. თუმცა, ტრამპის მხრიდან მკაცრი კრიტიკის შემდეგ, ბრიტანელებმა მათი საწვავით შევსების ნებართვა გასცეს. ამასთან, ყოველდღე, ირანზე თავდასხმისთვის გაგზავნილი B1 და B52 ტიპის ბომბდამშენები სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში მდებარე ფეირფორდის ბაზიდან ფრინდებიან.
გერმანიაში მდებარე რამშტაინის ბაზა ასევე ძალიან სტრატეგიულია ამერიკელებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი ამერიკული საჰაერო ბაზა ევროპაში. იგი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ პლატფორმას ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებისთვის და გადამწყვეტი როლი ენიჭება დრონების გამოყენებაში. ბერლინში მიმდინარეობს დებატები მისი გამოყენების კანონიერებაზე იმ ომში, რომელშიც ქვეყანა არ მონაწილეობს. თუმცა, უკვე ფაქტია, რომ ამ ომში ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
იტალია, რუმინეთი, ესპანეთი, ავსტრია...
რომმა, თავის მხრივ, ხმას აუწია: „ჩვენ არ ვართ ამ ომში და მასში ჩართვა არ გვინდა “, - რამდენჯერმე გაიმეორა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სულ ახლახან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ. თავის ტერიტორიაზე გადაფრენასა და ბაზების გამოყენების უფლებას იტალია მაგრამ მხოლოდ ე.წ. „ლოჯისტიკური“ ოპერაციებისთვის გასცემს, რაც სამხედრო სფეროში საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინია. შეერთებული შტატები, რამდენიმე დღის წინ, თავისი ბომბდამშენი თვითმფრინავების სიგონელას (სიცილია) ბაზაზე დასმას აპირებდა. ისინი უკვე ჰაერში იყვნენ, როდესაც დაშვებაზე უარი მიიღეს.
რუმინეთი ბევრად უფრო ღიად თანამშრომლობს ვაშინგტონთან. მარტის შუა რიცხვებში გაფორმებული შეთანხმებით, ამერიკელებმა მიიღეს უფლება, რუმინეთში არსებული ნატო-ს ბაზა საწვავმზიდი თვითმფრინავების, სათვალთვალო აღჭურვილობისა და აშშ-ის არმიის თანამგზავრების განსათავსებლად გამოიყენონ.
ამერიკისთვის მხარდაჭერის მიმართ ყველაზე აქტიურ მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის არის ესპანეთი, რომელმაც კონფლიქტის დასაწყისიდანვე მკაფიო პოზიცია დაიკავა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, მარგარიტა რობლესი პირდაპირ ამბობს: „ესპანეთის ბაზები არ იქნება გამოყენებული ირანის ომთან დაკავშირებული არანაირი მოქმედებისთვის, რომელსაც ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ. ჩვენ არ დავუშვებთ ფრენებს ირანის მიმართულებით“. ავსტრიამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიის თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებას არ მისცემს.
წყარო: 1 არხი