ოთხშაბათს, 1-ელ აპრილს, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრიდან ერთ დღის შემდეგ რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე "უფრო მკაცრი მოთხოვნები" დააწესა.

"შემოტანილი პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ [რუსეთში] შემოსული ყველა პროდუქტი სომხეთიდან არაა," განაცხადა რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის უფროსმა, სერგეი დანკვერტმა.

დანკვერტის თქმით, რუსეთს ამ პრობლემაზე რეაგირება 2023 და 2024 წლებშიც მოუწია, "რადგან ყოველთვის იყო წარმოებაში არალოგიკური ზრდა".

"ეს იმ ფაქტით აიხსნება, რომ ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებისთვის გამარტივებული წვდომის პროცედურები გვაქვს და სომხეთიდან ისეთი პროდუქციის შემოტანა, როგორიც ყვავილებია, სამ წელიწადში 36 მილიონიდან 100 მილიონამდე გაიზარდა." - აღნიშნა მან.

"ინსპექციების დროს ჩვენ დავინახეთ, რომ ამ პროდუქციას მხოლოდ სასაქონლო დოკუმენტაცია, ანუ ევროპული კომისიის მიერ დამტკიცებული გადაადგილების დოკუმენტაცია, ახლდა თან," რის საფუძველზეც დანკვერტი ირწმუნება, რომ რუსეთი "იძულებული გახდა, ზომები მიეღო".

"რაც შეეხება მეცხოველეობის პროდუქციას, ჩვენ ვნახეთ ისეთი პროდუქტების გადაზიდვები, რომელთა კვალის დადგენაც შეუძლებელი იყო, როგორიცაა კარაქი, ყველი და კალმახი. კალმახი სომხური უნდა იყოს, მთის მდინარეებიდან ან აკვაკულტურიდან, მაგრამ არანაირად არ უნდა ჰგავდეს ნორვეგიულ კალმახს," ციტირებს დანკვერტს რუსული სამთავრობო მედია TASS.

ცნობისთვის, 1-ელ აპრილს გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა ფაშინიანს განუცხადა, რომ ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად სომხეთის წევრობა "შეუძლებელია". 

"ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას განიხილავს და ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად მშვიდად ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყანა მაქსიმალურ უპირატესობას და თანამშრომლობას ეძებს, მაგრამ ეს აშკარა უნდა იყოს, გულწრფელად რომ ვთქვათ, რაც შეიძლება ადრე, რომ ორ საბაჟო კავშირში ერთდროულად ყოფნა განმარტებით შეუძლებელია. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს საკითხი პოლიტიკურიც არ არის, ის წმინდად ეკონომიკურია" - თქვა პუტინმა.

ფაშინიანმა ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სომხეთის ამჟამინდელი დღის წესრიგი ორივე ბლოკთან თავსებადია და რომ როდესაც ეს საჭირო გახდება, სომხეთის მოქალაქეები გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.

შეხვედრაზე ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთისთვის დემოკრატიის მნიშვნელობას და პოლიტიკური პროცესის აქტუალობასაც.

პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სამთავრობო პლატფორმა MAX-ზე დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეყვიტოს მისი "ტოლერანტული დამოკიდებულება" მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ.

tabula.ge