სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა კვებისთვის ₾49-მილიონიან ტენდერს აცხადებს. ელექტრონული ტენდერის თანახმად, შესყიდვა ეხება N1, N2, N3 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 49 126 502 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კვებითი მომსახურება უნდა განხორციელდეს უწყვეტად 2026 წლის 11 მაისიდან 1096 დღის განმავლობაში, ანუ სამი წლის განმავლობაში.

“მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს საჭირო რაოდენობის ულუფის მომზადება და შემსყიდველის მხრიდან უფლებამოსილ პირზე გადაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით”, - წერია სატენდერო განაცხადში.

ოთხივე პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობად მითითებულია 2800 ადამიანი. ტენდერის მიხედვით გათვალისწინებულია მათთვის სამჯერადი კვების უზრუნველყოფა. თითოეულისთვის განსაზღვრულია 13.41 ლარი.

ტენდერი ასევე ითვალისწინებს, მომსახურე პერსონალის კვებით უზრუნველყოფასაც.

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა კვებითი მომსახურების გაწევისას თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში მუდმივად არანაკლებ 5 ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა დაასაქმოს, დასაქმების მსურველი ბრალდებულის/მსჯავრდებულის არსებობის შემთხვევაში. თითოეული დასაქმებულის შრომის ანაზღაურება უნდა იყოს თვეში არანაკლებ 800 ლარი.

გარდა ამისა, სატენდერო განაცხადში აღნიშნულია, რომ მიმწოდებელმა წელიწადში ერთხელ აღდგომის დღესასწაულისათვის უნდა უზრუნველყოს თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულისათვის და სამსახურის მოსამსახურეთათვის 1 ცალი სააღდგომო პასკის მიწოდება.

ასევე, შემსყიდველის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სადღესასწაულო (დაბადების დღის აღსანიშნავი) ნამცხვრის მიწოდება, მათზე გადასაცემად (წელიწადში მაქსიმუმ 50).

მსჯავრდებულთა კვების ტენდერი 3 აპრილს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023, 2024, 2025 და 2026 წლებში უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვების მომსახურების გაწევის გამოცდილება (მომსახურების სფეროები: რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, სასადილო ან მსგავსი ტიპის ობიექტები, ქეითერინგ სერვისი, საკვებით მობილური მომსახურება) 5 მილიონი ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, N1 დაწესებულება ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში მდებარეობს, N2 დაწესებულება ქუთაისში, N3 დაწესებულება - ბათუმში, ხოლო N14 დაწესებულება წყალტუბოში.

bm.ge