ოზურგეთის მერი ნეპოტიზმშია მხილებული — ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მერმა პაატა კუნჭულიამ ახლო მეგობრები მაღალ თანამდებობებზე დანიშნა, ხოლო მათი მეუღლეები სხვადასხვა მუნიციპალურ ორგანიზაციაში დაასაქმა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ვიცე-მერისა და ადმინისტრაციის უფროსის პოზიციები მერის მეგობრებს ერგოთ, მათი ცოლები კი სახელმწიფო თეატრსა და ბაღების გაერთიანებაში დასაქმდნენ. მათი თქმით, ახალი კადრების დასასაქმებლად რიგ შემთხვევებში დამატებითი შტატებიც კი შეიქმნა.
ამასთან, ოპოზიცია პაატა კუნჭულიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ბოლო ხუთ თვეში რესტორნებზე, ავტომობილებზე, ფარდებსა და სამზარეულოს ინვენტარზე დაახლოებით 200 ათასი ლარია დახარჯული.
"როგორც ჩანს, ოზურგეთის სუსის მიერ დანიშნულ მერს სრულად ქვს მწვანე ანთებული, რომ დაასაქმოს მთელი სანათესაო, საძმაკაცო და სამეგობრო. მისი ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა მისი ძმაკაცი, რომელიც თბილისიდან წამოიყვანა. ამ თბილისიდან წამოყვანილ ძმაკაცს ცოლიც გამოაყოლა და ეს ქალი უკვე დანიშნა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად. მისი პირველი მოადგილე და ვიცე-მერი ჩხიკვიშვილის მეუღლე თეატრის დირექტორის მოადგილედ დანიშნა. ასევე მისი ძაკაცი ერთი აიპის ხელმძღვანელად, მეორეს ხელმძღვანელად, იურისტად დანიშნეს და როგორც ჩანს, შეზღუდვაც არ აქვს. ნათესავებიც აარ დავიწყებია და ძველი ნათესავებიც ბლომად ჰყავს დასაქმებული და საკრებულოში რომ ხალხი მოგვსდევდა, "სისხლიანი 9 წელიო", რას შვებით? როგორ ხართ? მოგწონთ ხალი მერის სტრატეგიები?" - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაშვილი.