საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი იგეგმება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელბია.
არსებული ინფორმაციით, ალიევი თბილისში ხვალ, 6 აპრილს ჩამოფრინდება.
თბილისის ცენტრში აზერბაიჯანის დროშებია გამოფენილი, რაც ასევე მიანიშნებს მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტზე.
სადიგოვის გაძევება
ალიევის ვიზიტს წინ უძღოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის გაძევება აზერბაიჯანში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ბაქო მის გადაცემას 2024 წლიდან ითხოვდა.
ჟურნალისტი 2020-2023 წელს აზერბაიჯანში გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, შეწყალების შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა. სადიგოვი აცხადებდა, რომ მისი დევნა აზერბაიჯანში მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
შეხვედრები ალიევთან
ილჰამ ალიევი ბოლოს საქართველოს 2023 წლის ოქტომბერში სტუმრობდა. მაშინ ის ქვეყნის პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ უკვე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, - არ შევხდა. მან მოლაპარაკებები გამართა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, 2023 წლის 8 ოქტომბერი
საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალიევმა ბაქოში არაერთხელ უმასპინძლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს. ალიევთან შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოეთში სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებშიც მართავდნენ.

ირაკლი კობახიძე და ილჰამ ალიევი ანტალიაში, 2025 წლის 11 აპრილი
ემინ აგალაროვი თბილისში
4 აპრილს თბილისში სტუმრობის შესახებ ვიდეო Instagram-ზე ილჰამ ალიევის ყოფილმა სიძემ, მომღერალმა და ბიზნესმენმა ემინ აგალაროვმა გამოაქვეყნა. თბილისის აეროპორტში მას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი დახვდა. მან სტუმარს თაბორის მთაზე გახსნილი ახალი სასტუმროც დაათვალიერებინა.
„საქართველოში ბოლო 14 წელიწადში ტურიზმი 16-ჯერ გაიზარდა, მათ შორის კაზინო-ინდუსტრიის გამო“, - ამბობს ემინ აგალაროვი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე.
აგალაროვი აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის ნაპირზე მასშტაბურ პროექტს ახორციელებს სახელწოდებით Sea Breeze, სადაც კაზინოს გახსნაც იგეგმება. ამისთვის აზერბაიჯანში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დროს, 1998 მიღებული გადაწყვეტილება შეცვალეს, რომელიც ქვეყანაში აზარტულ თამაშებს კრძალავდა.