გარემოს ეროვნულ სააგენტო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე მონიტორინგული სისტემების ქსელის მოწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრულ უბნებზე თანამედროვე აპარატურის ინსტალაცია, ასევე სატელიტური გამოსახულებების დამუშავება (InSAR ტექნოლოგია).
უწყების ცნობით, გეოლოგიის მიმართულებით აქტიურად ხორციელდება სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა/განახლება და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი.
"ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გეოლოგიის დარგისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი კადრების მოზიდვაა, შესაბამისად, სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს", - აცხადებს სააგენტო.
ცნობისთვის, 5 აპრილს გეოლოგის პროფესიული დღე აღინიშნება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში წერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
"საქართველოში გეოლოგის პროფესიული დღე 1966 წლიდან აღინიშნება. პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ დარგი მუდმივად ვითარდება.
გეოლოგია გარემოს ეროვნულ სააგენტოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მიმართულებაა. დღეისათვის, სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხორციელდება გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგი. ასევე, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში, ტერიტორიის ოპერატიულად შეფასება, სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენა, გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი", - ვკითხულობთ სააგენტოს რელიზში.