საჯარო სექტორში შტატგარეშე სტატუსით დასაქმებულმა პირებმა 684 მილიონი ლარის ანაზღაურება აიღეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა. 

ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ინფორმაციას თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე არის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული, შესაბამისად უცნობია თუ რამდენმა ადამიანმა აიღო გასულ წელს ჯამურად 684 მილიონი ლარი.

2024 წელთან შედარებით შტატგარეშე მოხელეებზე გაწეული ხარჯები 15.3%-ით, ანუ 92 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება, შტატით დასაქმებულ პირებს, 2025 წელს მათი სახელფასო ფონდი 14.4%-ით, 2.96 მილიარდ ლარამდე გაიზარდა (მატება +375 მლნ ლარი). მათი რაოდენობა 117,000-ს შეადგენს, შესაბამისად, ერთი დასაქმებულის მიერ მიღებული ანაზღაურება 2025 წელს ჯამურად 25,340 ლარს შეადგენდა, რაც თვეში 2111 ლარს უდრის.