უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს ტელეფონით ვესაუბრე. სერბეთის ხელისუფლებამ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ კრიტიკული გაზის ინფრასტრუქტურაში დესტრუქციული ასაფეთქებელი ნივთიერებები და მისი აქტივაციისთვის საჭირო აღჭურვილობა აღმოაჩინა. გამოძიება მიმდინარეობს. დღეს შუადღეს თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოვიწვიე". - წერს ორბანი.

სერბეთის ხელისუფლება გაზსადენზე დაგეგმილი დივერსიის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. სერბეთში განაცხადეს, რომ გაზსადენზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს.

კანიჟის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ინფრასტრუქტურულ ობიექტთან აღმოჩენილია საეჭვო საგნები. სერბული მედიის ცნობით, ადგილზე გაიგზავნა 140 სამხედრო და პოლიციელი, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, სამხედრო პოლიციასა და სერბეთის არმიის სხვა დანაყოფებთან ერთად, დილიდან ახორციელებენ ტერიტორიის ბლოკირებასა და ჩხრეკას კანიჟის მუნიციპალიტეტში, რათა აღმოაჩინონ ისეთი საგნები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

პოლიციამ და სამხედროებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა კანიჟის მუნიციპალიტეტში. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კანიჟის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ორი დიდი პაკეტი ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით. მისივე თქმით, სერბეთის არმიამ შეძლო ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედების აღკვეთა.

სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ. მისივე თქმით, დივერსია თუ განხორციელდებოდა, უნგრეთი და ჩრდილოეთ სერბეთი გაზის გარეშე დარჩებოდნენ.

ალექსანდრ ვუჩიჩის განმარტებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები იმდენად ძლიერი იყო, რომ შეიძლებოდა, მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის შეექმნა საფრთხე, ასევე, ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა.

ცნობისთვის, 12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყანაში წინასაარჩევნო ატმოსფერო სულ უფრო იძაბება. დაპირისპირება მოხდა ქალაქ დიორში გამართულ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიის მხარდამჭერთა მიტინგზე. ხელისუფლების კრიტიკოსები შეეცადნენ, აქციის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო ლოზუნგების სკანდირებით შეერთებოდნენ, ორბანის მომხრეთა სპეციალურმა ჯგუფმა კი მათ ამის საშუალება არ მისცა.

უნგრულენოვანი სლოვაკური საინფორმაციო პორტალის, „ნაპუნკის“ („ჩვენი დღე“) რედაქტორი, ზოლტან სალაი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერთა ეს ჯგუფი ყველა მიტინგზე ჩნდება და ხალხს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკული ლოზუნგების სკანდირებაში ხელს უშლის .

როდესაც მთავრობის ოპონენტებმა დიორში ორბანის მხარდამჭერ აქციასთან მიახლოვება სცადეს, ამ ჯგუფმა მათ გზა გადაუღობა და ხმაურით გადაფარა მათი პროტესტი. ამის შემდეგ ვითარება შედარებით დამშვიდდა.

„შავი პოლკი“ პოსტზეა

ჩეხეთის ტელევიზიის (CT) კორესპონდენტის, იან შილჰანის განმარტებით, ამ ჯგუფს „შავ პოლკს“ უწოდებენ და მისი წევრები ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები, MMA-ს მებრძოლები და საჯარო მოხელეები არიან. „დემონსტრაციაზე მეგაფონით ხელში მყოფი მამაკაცი ინვესტიციების სამინისტროს კომისარია, რის გამოც გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, ხომ არ აქვს სახელმწიფოს პირდაპირი გავლენა ამ ჯგუფზე“, - აღნიშნა ჩეხეთის ტელევიზიის ჟურნალისტმა.

„ისინი იყენებენ ჯგუფებს ე.წ. „რუხი ზონიდან“, საფეხბურთო ხულიგნებსა და სხვა მცირე კერძო დაჯგუფებებს“, - ამბობს ანალიტიკოსი ბალინტ მაგიარი, რომელიც არის განათლების ყოფილი მინისტრი (2006 წლამდე) და ავტორი წიგნისა უნგრეთში პოსტკომუნისტური მაფიოზური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ.

უნგრეთში წინასაარჩევნო ატმოსფერო ტოქსიკურია, ამბობს ევროპის საბჭოს დელეგაცია (ჩეხურ ენაზე)

ორბანი დიდი ხანია ატარებს დახურულ მიტინგებს წინასწარ დარეგისტრირებული აუდიტორიასთან. 12 აპრილის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მან რამდენიმე ქალაქში უჩვეულო ღონისძიებების სერია დააანონსა. „ის ატარებს მიტინგებს უნგრეთის ქალაქებში, რათა შეხვდეს კონტრდემონსტრაციებს, რაც ბოლო 16 წლის განმავლობაში უნგრეთისთვის ახალი ფენომენია“, - ამბობს სალაი.

პრემიერ-მინისტრის ოპონენტის ღონისძიებები, როგორც წესი, უფრო მშვიდია. თუმცა, ფეთქებად ხასიათსა და თვითკონტროლის ნაკლებობაში პეტერ მაგიარსაც ადანაშაულებენ. მაგალითად, ორი წლის წინ ის დისკოთეკაზე ჩხუბში გაეხვა. როდესაც მაგიარი შენობის გარეთ გაიყვანეს, მან ერთ-ერთ მამაკაცს ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და დუნაიში გადააგდო.

„მე რამდენჯერმე გამოვთქვი შეშფოთება იმის გამო, ხომ არ აირჩევს უნგრეთი ისეთ ლიდერს, რომელიც საკუთარი ემოციების გაკონტროლებას ვერ შეძლებს და ეგოცენტრული პიროვნება იქნება“, - ამბობს ყოველდღიური გამოცემა SME-ს სლოვაკურ-უნგრელი წარმომავლობის ჟურნალისტი, ბეატა ბალოგოვა.

ორბანის მთავრობას პროსახელისუფლებო მედიის უკანონო სუბსიდირებაში ადანაშაულებენ, იუწყება „ფაინენშალ თაიმსი“ (ჩეხურ ენაზე)