ესტონური ენერგეტიკული კომპანია AS Terminal-ის მმართველი საბჭოს წევრის, ალან ვაჰტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული დრონებით განხორციელებულმა შეტევებმა ბალტიის ზღვიდან რუსეთის ნავთობის ექსპორტის 40 პროცენტი შეაჩერა, კრემლის შემოსავლები, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის ხარჯზე, მაინც გაზარდა.

ვაჰტის შეფასებით, რომ რუსეთის ნავთობტერმინალებზე უკრაინული დრონების თავდასხმებმა აგრესორი სახელმწიფოს ექსპორტში დიდი ნაპრალი გააჩინა.

„რუსეთი აქამდე, ბალტიის ზღვის გავლით, დღეში 5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა. აქედან უსტ-ლუგისა და პრიმორსკის პორტებზე დაახლოებით 2 მილიონი ბარელი მოდიოდა. სწორედ ეს ორი მილიონი ბარელი შეადგენს იმ 40 პროცენტს, რომელიც ამჟამად რუსეთისთვის დაკარგულია. თუ ამას ფულად განზომილებაში გადავიყვანთ და ბრენტის მარკის ნავთობის დღევანდელ ფასს - 115 დოლარი ბარელზე - მივუსადაგებთ, დღეში 230 მილიონ დოლარს მივიღებთ (ორი მილიონი ბარელი გამრავლებული 115 დოლარზე). ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთისთვის, სანამ ეს პორტები დახურული რჩება“, - აღნიშნა ვაჰტმა.

მისივე განცხადებით, უსტ-ლუგის პორტისთვის მიყენებული ზიანის შესახებ უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე პრიმორსკის ნავთობის პორტის დანაკარგების თაობაზე. უსტ-ლუგაში დარტყმები გემების ჩატვირთვის ინფრასტრუქტურაზე, შესანახ ავზებსა და სარკინიგზო ესტაკადებზე - ანუ რკინიგზით ჩატვირთვის სიმძლავრეებზე განხორციელდა. პრიმორსკის შესახებ მედიაში ნაკლები ინფორმაცია გაჟონა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი მასშტაბი უცნობია.

Terminal-ის საბჭოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში არცერთი სანქცია არ ყოფილა ისეთი ეფექტური, რასაც უკრაინამ ბოლო ათი დღის განმავლობაში მიაღწია. ვაჰტის შეფასებით, რუსეთი დღეში 230 მილიონ დოლარს მხოლოდ მისი ნავთობის პორტებზე უკრაინის თავდასხმების გამო კარგავს.

ამავდროულად, ვაჰტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ახლა, რეალურად, იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ომამდე. ომამდელი დღიური შემოსავლები 300-დან 325 მილიონ დოლარამდე მერყეობდა, მაშინ როცა ამჟამად, მოცულობის 40-პროცენტიანი დანაკარგის მიუხედავად, შემოსავლები 345 მილიონ დოლარს შეადგენს.

თუმცა, ვაჰტის აზრით, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა სახეს მიიღებს მომავალში რუსეთის შემოსავლები და ნავთობის ფასები.

„პროგნოზირებენ, რომ ფასი შეიძლება 100-დან 190 დოლარამდე დიაპაზონში დარჩეს. თუ ეს 40-პროცენტიანი დანაკარგი - რაც კოლოსალური რაოდენობაა - კვლავ ბაზრის მიღმა დარჩება და ფასი გაიზრდება, ეს რუსეთისთვის, უდავოდ, დამატებით შემოსავალს ნიშნავს. იმის საილუსტრაციოდ, თუ რას ნიშნავს რეალურად ეს ორი მილიონი ბარელი, ვიტყვი შემდეგს: სულ რაღაც 4 დღეში რუსეთს, ბალტიის ზღვის გავლით, იმდენივე ნედლი ნავთობი გააქვს ექსპორტზე, რამდენსაც ესტონეთი მთელი წლის განმავლობაში მოიხმარს“, - განმარტა ვაჰტმა.

სამშაბათს, 31 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საწვავით საკუთარი თავი თვითონ უნდა უზრუნველყონ. ამ განცხადებას ბაზრებმა ფასების მკვეთრი ზრდით უპასუხეს.

„ეს ცოტა სასაცილოა, რადგან ტრამპის განცხადებები ძალზე არათანმიმდევრულია - ერთ დღეს ერთს ამბობს, მეორე დღეს კი სხვას. გასული კვირის განმავლობაში ის მიანიშნებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება სურს. ამავდროულად, ემუქრება ირანს და აცხადებს, რომ თუ ისინი მის პირობებს არ დათანხმდებიან, მზად არის, დაბომბვა გააძლიეროს და შეუტიო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ელექტროსადგურებსა და ნავთობის ობიექტებს“, - ამბობს ვაჰტი.

მისი ვარაუდით, თუ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურა სერიოზულ დარტყმას მიიღებს, ეს, გლუბალური თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, ღრმა ემოციური და ფსიქოლოგიური დატვირთვის მატარებელი იქნება.

„ირანი დღეში დაახლოებით 1.7 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს. ვინაიდან გლობალურ ბაზარს უკვე აკლია დღეში 10 მილიონი ბარელი, ამ დამატებით 1.7 მილიონს მასშტაბური ფისკალური გავლენა არ ექნება. თუმცა, თუ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურას დაარტყამენ ან დაიკავებენ ხარგის კუნძულების არქიპელაგს, რომლის გავლითაც ირანს თავისი ნედლი ნავთობის 90 პროცენტი გააქვს ექსპორტზე, ეს, ცხადია, სერიოზულ ესკალაციას და ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს“, - განმარტა ვაჰტმა.

Terminal-ის მმართველი საბჭოს წევრის თქმით, ტრამპის რიტორიკა დიდ გავლენას ახდენს ნავთობის ფასებზე, რაც საწვავის ბაზრის გამოცდილ მონაწილეებსაც კი აოცებთ.

წყარო: 1 არხი