ლეჩხუმში მდებარე საოჯახო მეღვინეობა „ხომლის მარნის“ დამფუძნებელი თამაზ ომანაძე, სუბსიდირების პოლიტიკას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ღვინის სექტორში სახელმწიფოს მუდმივი ჩარევა ბაზარს აზიანებს და ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უშლის. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

„ფაქტობრივად, ამდენი მილიონი წლების მანძილზე გადაიყარა, მაგრამ შედეგი რა მივიღეთ?“, – ამბობს ომანაძე და დასძენს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიების სისტემური გამოყენება მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში უნდა ხდებოდეს, მაგალითად, როცა მოსავალი ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ნადგურდება.

მისი თქმით, ქართული მეღვინეობა საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად მაღალი ხარისხის პროდუქციას საჭიროებს, თუმცა არსებული სისტემით ფერმერები რაოდენობაზე არიან ორიენტირებულნი, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება.

„სუბსიდირების პირობებში ფერმერს აღარ ანაღვლებს ხარისხი. მთავარია, მეტი რაოდენობით ჩააბაროს - მთავრობა მაინც იყიდის. ასეთ პირობებში ვერც მარკეტინგს აწარმოებ და ვერც საერთაშორისო ბაზარზე შეხვალ“, - აცხადებს მეღვინე.

ომანაძის შეფასებით, სუბსიდიების მექანიზმი არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ სახელმწიფო რესურსების გაუმართლებელ ხარჯვად შეიძლება ჩაითვალოს.

„წინა წლებში, წარმოიდგინეთ, ჯოხებიც კი ჩაიბარეს - მტევნის გარეშე, ღია მანქანებით, საიდანაც წვენი გზაში იღვრებოდა. ამის შემდეგ არ ვიცით, რას აწარმოებს იმ ყურძნიდან სახელმწიფო კომპანია ან რა ამონაგები რჩება ბიუჯეტს“, - აღნიშნა თამაზ ომანაძემ.

მისი თქმით, შედეგი ნათელია - არც რეგიონებში შეიმჩნევა ეკონომიკური გაუმჯობესება და არც ფერმერი გამოდის მძიმე სოციალურ მდგომარეობიდან: „ის ფერმერი და ის რეგიონი ისევ იმ გაჭირვებულ მდგომარეობაშია, რაშიც იყო. შედეგი არ დადგა, ფული კი დაიხარჯა. ეს პრობლემები ყველა მთავრობის დროს იყო. რაც ახლა ხდება, ეს არის თანხების გადაყრა მორგებულ ჯგუფებზე - ყველამ კარგად ვიცით ვისზეც“, - აღნიშნავს მეღვინე.

ინფორმაციისთვის, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი აგვისტოში წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში.

2025 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად, გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.

პარალელურად, მიმდინარე თვეს ცნობოლი გახდა, რომ ბიუჯეტი რაჭაში რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. სუბსიდიის პირობები ასეთია, 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს. გარდა ამისა, კომპანიები მევენახეს გადასახდელ თანხას არა ნაკლებ 8 ლარს გადაუხდიან. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, თითოეული კილოგრამი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს, რომ 2026 წლიდან, სახელმწიფო მხარდაჭერა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის ფარგლებში, სხვა მიდგომით განხორციელდება. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ხარისხს და გააუმჯობესებს მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.

წყარო: bm.ge