ლიეტუვაში ყოველი მეოთხე მწეველი კონტრაბანდულ სიგარეტს მოიხმარს, რადგან არალეგალურ ქარხნებში წარმოებული თამბაქოს ნაწარმის წილი გაიზრდა - ეს დასკვნა თამბაქოს მწარმოებელი ნიდერლანდული კომპანია JTI Baltic-ის მიერ კომპანია Nielsen-თან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს.

კვლევის მიხედვით, ლიეტუველ მწეველთა 26,5 პროცენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებულ პროდუქციას მოიხმარს, რაც 4,2 პროცენტული პუნქტით მეტია, 2023 წელთან შედარებით.

ვილნიუსის მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის ლექტორი, იურგიტა ბალტრუნიენე მიიჩნევს, რომ კონტრაბანდის ზრდა ლიეტუვასა და და ბელარუსში სიგარეტის ფასებს შორის დიდ განსხვავებას უკავშირდება.

„კონტრაბანდულ პროდუქციაზე არჩევანის შეჩერებისას, ფასებს შორის სხვაობა მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია,“, - განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო BNS-ს.

მისივე თქმით, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ლიეტუვას გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ მოსახერხებელია დასავლეთ ევროპაში კონტრაბანდული სიგარეტის შემდგომი ტრანზიტისთვის, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის არა მხოლოდ მყიდველებისთვის, არამედ გამყიდველებისთვისაც.

„სიგარეტის კონტრაბანდისთვის ლიეტუვაში უზარმაზარი სტიმული არსებობს. თამბაქოს ნაწარმზზე ფასები ლიეტუვასა და ევროკავშირში, რუსეთთან და ბელორუსთან შედარებით, გაცილებით მაღალია, ისევე დიდი მოთხოვნაა იაფ სიგარეტზე. კონტრაბადის მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზები სწორედ ეს არის“, - განმარტა ბალტრუნენემ.

მისი აზრით, მომავალში სიგარეტის კონტრაბანდის შემცირება ნაკლებად სავარაუდოა: „სამომავლოდ დაგეგმილია აქციზის ზრდა, რომელსაც 2025-2027 წლებში საკმაოდ აგრესიული სახე ექნება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში მეტი შემოსავალი შევა, პარალელურად, საზღვრებზე დაძაბულობა გაიზრდება“.

კვლევის მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებული სიგარეტის ყველაზე დიდი რაოდენობა არალეგალურად ლიეტუვაში ბელარუსიდან შევიდა. ის ლიეტუვას ფარგლებს გარეთ წარმოებული კონტრაბანდული სიგარეტის 16,8 პროცენტია და გასულ წელთან შედარებით, 7,7 პროცენტით არის გაზრდილი. 2023 წელს კონტრაბანდული პოლონური სიგარეტის წილმა 4,1% შეადგინა.

გარდა ამისა, წლის განმავლობაში გაორმაგდა სამამული წარმოების სიგარეტის ფალსიფიცირების მაჩვენებელი. ის 1,1-დან 2,2 პროცენტამდე არის გაზრდილი.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი