ისრაელის მტკიცე მხარდაჭერის გამო, გერმანიაზე წნეხი იზრდება
გერმანიაზე იზრდება წნეხი, რათა ოფიციალური ბერლინი ისრაელისთვის სანქციების დაწესების მომხრეთა ბანაკს შეუერთდეს. ეს ნაბიჯი მწვავე დებატებს იწვევს ქვეყანაში, რომელიც, დიდი ხანია, ჰოლოკოსტის „ცოდვის“ გამოსყიდვას ცდილობს. ბერლინი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ისრაელის მტკიცე მხარდამჭერია, სულ უფრო იზოლირებული ხდება, რადგან პალესტინის სახელმწიფო მისმა ბევრმა დასავლელმა მოკავშირემ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთხმად დაგმეს „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა, ახლა ბევრი ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმაზე ისრაელის სამხედრო პასუხი არაპროპორციული იყო და მას დასასრული არ უჩანს. ამ კვირაში ევროპაში ყველას მზერა კვლავ გერმანიისკენ იქნება მიპყრობილი, რადგან უნდა გაირკვეს, დაუპირისპირდება თუ არა ბერლინი ევროკავშირის გეგმებს ისრაელის სანქცირების საკითხში.
„გერმანია, რამდენიმე მიმართულებიდან, მზარდი წნეხის ქვეშაა. ეს წნეხი ევროკავშირელი პოლიტიკური პარტნიორებისგან, ასევე გერმანიისა და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებისგან მოდის“, - ამბობს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი, მარიამ სალეჰი. ნაცისტების მიერ ჰოლოკოსტის დროს ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობის გათვალისწინებით, ისრაელის მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას გერმანიაში, დიდი ხნის განმავლობაში, ტაბუ ედო. ყოფილი კანცლერმა, ანგელა მერკელმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოება გერმანიის სახელმწიფოს მუდმივი, ძირითადი ინტერესის ნაწილად აღიარა, რომელიც სხვა პოლიტიკურ მოსაზრებებზე მაღლა დგას.
ამ ისტორიის გათვალისწინებით, ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც მისმა ყოფილმა მრჩეველმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენმა გასული თვის ბოლოს ამ კურსის შეცვლის იდეა წამოაყენა. ჰოისგენი, რომელიც ასევე გერმანიის ელჩი იყო გაერო-ში, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ისრაელი „აპარტეიდულ სახელმწიფოდ“ გადაქცევის რისკის წინაშე დადგება, თუ ის ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე თავის პოლიტიკას გააგრძელებს. მან ბერლინს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა.
„აღარასოდეს“
ნაცისტების სისასტიკის ხსოვნა და თემა „აღარასოდეს“, დიდი ხანია, გერმანული პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია, მაგრამ ბევრი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ დროა, დაზუსტდეს, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს ფრაზა. „როგორც ამჟამად არის განმარტებული, გერმანიას პასუხისმგებლობა აქვს აღებუკუ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ის შეიძლება სხვანაირადაც იყოს ინტერპრეტირებული, - განაგრძობსა სალეჰი, - ის, კერძოდ, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის მიმართ, იმ დაპირების მიმართ, რომ გენოციდი აღარასოდეს უნდა განმეორდეს.“ ღაზის ომის გაგრძელებასთან ერთად, გერმანიამ გააძლიერა ისრაელის კრიტიკა ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გამო, ხოლო კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აგვისტოში გამოაცხადა, რომ ბერლინი ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას შეზღუდავდა.
ამ ნაბიჯს ბევრი მემარცხენე მიესალმა, მაგრამ პროტესტი გამოიწვია მემარჯვენეებში, განსაკუთრებით კი ბავარიულ პარტნიორ პარტიაში - „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში“. „ისრაელი გვთავაზობს „დამნაშავე-მსხვერპლის“ როლების შებრუნებულ ნარატივს, რაც, ჩემი აზრით, არ ასახავს საერთო ვითარებას“, - განაცხადა „ქდკ“-ს საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, შტეფან მაიერმა. ამასობაში, გავლენიანმა გერმანია-ისრაელის საზოგადოებამ ამ გადაწყვეტილებას „გლობალურ პროპაგანდისტულ ომში „ჰამასის გამარჯვება“ უწოდა.
„დაასრულეთ ეს ჯოჯოხეთი“
ღაზაში ისრაელის შეტევისთვის „გენოციდად“ შეფასებას გერმანია თავს არიდებს მას შემდეგაც კი, რაც ეს ტერმინი გაერო-ს გამოძიებამ გამოიყენა. ბერლინმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადისა და სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან განსხვავებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გერმანიას ამჟამად განზრახული არ აქვს. ევროკავშირი ისრაელთან სავაჭრო კავშირების შეზღუდვასა და ცალკეული მინისტრების დასანქცირებას განიხილავს, კრიტიკოსები კი უფრო შორს მიდიან და ამტკიცებენ, რომ უფრო კონკრეტული ქმედებების დრო დადგა. როგორც ისტორიკოსი, რენე ვილდანგელი ამბობს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თავის მიმართვაში სწორად აღნიშნა, რომ „ღაზა ჯოჯოხეთია დედამიწაზე“.
„თუმცა, გერმანია ძალიან ცოტას აკეთებს ამ ჯოჯოხეთის დასასრულებლად,“ - დასძინა მან და მოითხოვა, რომ „გერმანიამ ამაზე თვალი აღარ უნდა დახუჭოს“. ამ პოზიციას ბევრი გერმანელი ეთანხმება. ამასთან, პროპალესტინური პროტესტები ბოლო თვეებში უფრო მასშტაბური და თამამი გახდა, რაც საზოგადოებრივი განწყობის ცვლილებას ასახავს. შაბათს, ბერლინის ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტმა მოაწყო მსვლელობა და ისრაელს ღაზაში სამხედრო კამპანიის დასრულებისკენ მოუწოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ZDF-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანელი ამომრჩევლების 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედება ღაზის სექტორში გაუმართლებელია.
YouGov-ის მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გერმანელი ამომრჩევლების 62 პროცენტი თვლის, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს წარმოადგენს. მერცმა განაცხადა, რომ გერმანია სანქციების შესახებ თავის პოზიციას ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე წარადგენს, რომელიც 1 ოქტომბერს კოპენჰაგენში გაიმართება.
წყარო: 1 არხი