მე მგონი, უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აქციის დროს დაშავებული ჟურნალისტებისა და პოლიციელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძემ აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეადარა და თქვა, რომ ისინი მათი ხელწერით მოქმედებენ.

“ჩამოსვლის წინ ვუყურებდი კადრებს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს დაესხნენ, ასევე “იმედის” ჟურნალისტი იყო. რა თქმა უნდა, ესეც აჩვენებს მათ რეალურ სახეს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ მედიის მიმართ. ეს არის ჩვეულებრივად “ნაცის” სახე. ხომ გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას თავის დროზე, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და იგივე ხელწერით მოქმედებენ ეს ახალგაზრდა “ნაცებიც”. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც დააზიანა ერთ-ერთი ჟურნალისტი. ახალგაზრდა “ნაციც” არის ზუსტად ისეთივე “ნაცი”, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლები. ყველა მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს.

რაც შეეხება სამართალდამცველებს, არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მე მგონი, უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. უმკაცრესი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი”, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, რაც ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

„როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი, რომ რეალურად იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს ქალაქის ცენტრში, ვიდრე რეალურად მივიდა. როდესაც დაინახეს, რომ უკვე 20:00 საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული, მათ გადაწყვიტეს ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა და იმისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს. ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს, ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც. რაც ჩვენ ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, რა თქმა უნდა, მიეცემა პასუხისგებაში. ეს იყო ძალიან ცხადი და ღია დანაშაული. ყველა მიმართულებით გვაქვს მკაცრი გაფრთხილება, ქუჩაში მიიღებენ პასუხს ნებისმიერ ძალადობაზე და ამის შემდეგაც კანონი იქნება მკაცრი მათ მიმართ. მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები. დანარჩენი დაელოდონ პასუხს. პასუხი იქნება მკაცრი. მათი სიურპრიზი შეიძლება ეს იყო, რომ პრეზიდენტის სასახლეს შეუტიეს, ელოდნენ, რომ ათონელზე არ იქნებოდა სპეცრაზმი, თუმცა მიიღეს სიურპრიზზე ცოტა უფრო დიდი სიურპრიზი და უცბად გამოვიდა სპეცრაზმი შენობიდან. ყველა ასე პატარა სიურპრიზზე მიიღებენ უფრო დიდი სიურპრიზს. მთავარი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთლიანად განეიტრალდება ეს პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა და ამათ აღარ მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობის საშუალება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.