ჩვენი სასტუმროების ძირითადი პრობლემა ფასია, რადგან დაბალბიუჯეტურ ტურისტულ ადგილად ვიქეცით,- ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, დაბალბიუჯეტურ  სეგმენტში გადასვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის უპირველესად, დემპინგური ფასებია. ახალი ტურისტული კომპანიები ხშირად ტურისტების მოსაზიდად ფასებს ხელოვნურად წევს, რაც ადგილობრივ ჰოტელიერებს აზარალებს. 

მურაჩაშვილი სექტორში არაეფექტიან დაგეგმვარებაზე მიუთითებს, მისი თქმით, ოთახფონდები გაცილებით მაღალია, ვიდრე ბაზარზე არსებული მოთხოვნა. 

,,რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა როლი, რამაც ჩვენი უფრო დაბალბიუჯეტურ სეგმენტში გადასვლა გამოიწვია. ერთი არის ის, რომ ქართულ კერძო სექტორში შემოვიდნენ შიდა ტურისტული კომპანიები, რომლებიც სამწუხაროდ, ადემპინგებენ ფასებს, რათა ახალი კლიენტები და პარტნიორები ჰყავდეთ. მათ უწევთ დემპინგი და ადგილობრივი სასტუმროებისთვის დაბალი ფასების მოთხოვნა იმის გამოც, რომ იმავე ქვეყნებიდან, რომელ ქვეყნებზეც მუშაობენ, კერძო სექტორის წარმომადგენლები შემოდიან, არეგისტრირებენ აქ თავიანთ ფირმებს და კიდევ უფრო დაბალ ბიუჯეტზე მუშაობენ. ასევე, ფასების დაწევა გამოიწვია რიგმა ინფრასტრუქტულმა პრობლემებმა.

ამერიკელისგან მაქვს მოსმენილი, რომ აქ ამერიკულ და კანადურ ბაზარს ვერ შემოიყვანთ, რადგან ეს არ არის ის, რაც ჩვენ მოგვეწონება. ვგულისხმობ სერვისს, ადამიანურ რესურსებს და მოკლედ, საკითხი ძალიან კომპლექსურია. შეიძლება შემოსავალი არის ქვეყანაში, მაგრამ რიგი ბიზნესებისთვის ეს გადარჩენის ან ზღვარზე სიარულის ტოლფასია იმიტომ, რომ ვემორჩილებით იმას, რასაც ბაზრები გვკარნახობენ.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სასტუმრო იკეტება. ყიდვა-გაყიდვის საიტებზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ, რამდენი სასტუმრო იყიდება. ეს არ არის მხოლოდ ადამიანური რესურსების ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ ოთახფონდი გაცილებით მაღალია, ვიდრე საჭიროა სეზონზე. აზიური ბაზარი ამას ძალიან კარგად ხედავს და იყენებს თავისთვის, რომ დაბალი ფასები მიიღოს",- აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა "კომერსანტის" ეთერში.